ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა ესპანურმა ტენერიფემ. გიორგი შერმადინის გუნდი კანარულ დერბიში სტუმრად გრან კანარიას ეთამაშა და 70:72 დამარცხდა. ტენერიფელთაგან საუკეთესო შერმადინი გახლდათ, რომელმაც შეხვედრა 15 ქულითა და 4 მოხსნით დაასრულა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე საკმაოდ ბევრი – 28 წუთი დაყო და თამაშიდან შესრულებული 8 სროლიდან 7 გამოიყენა. ამასთან, ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 საჯარიმოც ჩააგდო და ტენერიფელთაგან სარგებლიანობის უმაღლესი შედეგი (17) დააფიქსირა.
ბოლო პერიოდის წინ ტენერიფე ქულით იგებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. ამ მოგებით გრან კანარიამ ტენერიფეს ჯგუფში პირველი ადგილი წაართვა – ორივეს 2 მოგება და 1 მარცხი აქვს, თუმცა პირადი მოგების ხარჯზე გრან კანარია პირველზეა. ჯგუფში ასევე არიან ჩეხური ნიმბურკი (1 მოგება 2 მარცხი) და იტალიური ტრიესტე (1 მოგება, 2 მარცხი).
მეორე ჯგუფურ ეტაპზე სულ 16 გუნდია, 4 ჯგუფში გადანაწილებული. თითო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა და ეს 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდება. პლეი ოფის სისტემით ჩატარებული ერთი რაუნდის (მეოთხედფინალის) შემდეგ საუკეთესოები ოთხთა ფინალის საგზურებს მოიპოვებენ.
ამ მატჩით დასრულდა პირველი წრე. შემდეგ მატჩს ტენერიფე 10 თებერვალს, ჩეხეთში, ნიმბურკთან გამართავს.