დღეს სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში სუპერლიგისა და ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩების მომსახურე მდივან–ოპერატორების ტესტირება ჩატარდა. ტესტირებას წინ უძღვოდა სემინარები, რომლებიც თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გაიმართა.
დღევანდელ ტესტირებაში 13 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც დაურიგდათ ბილეთები. თითოეულში 20 კითხვა იყო შეტანილი და თან ახლდა სავარაუდო პასუხები. ბილეთები შეადგინა მდივან–ოპერატორთა ამქრის ერთ–ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა ქეთი ქიქოძემ, რომელიც საგამოცდო კომისიაში იყო. კომისიას მანანა მოსულიშვილი თავმჯდომარეობდა, ხოლო მდივანი ნანა მდივნიშვილი გახლდათ.
ტესტირებას დამკვირვებლის სახით ესწრებოდნენ კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, საერთაშორისო რანგის (ფიბა–ს) კომისარი მერაბ რატიშვილი და სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორი გიორგი ზაბახიძე.
ტესტირების მიზანი იყო მდივნების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი დღევანდელი საკალათბურთო ცოდნის დონის განსაზღვრა. ბილეთები ტესტირების დასრულებისთანავე შემოწმდა და შედეგები, რომლებიც არაერთგვაროვანი იყო, მონაწილეებს ეცნობა.
უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე ასეთი სახის ტესტირება არ ჩატარებულა. ბოლო გამოცდა, რომელიც მდივნებს ჩაუტარდათ, ზეპირი იყო. კალათბურთის ფედერაციისა და სუპერლიგის ხელმძღვანელთა განცხადებით ტესტირებები მომავალშიც გაგრძელდება.