მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი. რუსთავი. 20 იანვარი
სსაუ 80:100 თსუ
20:30 21:24 22:24 17:22
თსუ: ხიზანიშვილი, გაფრინდაშვილი (6), კოხრეიძე (9ქ, 9მ, 6ჩ), ლონდარიძე (19), კორკოტაძე (14), ჩიტაშვილი (7), მათიაშვილი (22ქ, 11მ, 9პ), დეკანოიძე, მ. ბერიშვილი (21ქ, 8მ, 5პ), ჩქარეული (2)
სსაუ: ტეტელაშვილი (9), ბააკაშვილი, ნანიტაშვილი (3), სიგუა (7), ჩაჩანიძე (12), ხანიაშვილი (10), გემაზაშვილი (7), ჯავახიშვილი (9), მუმლაძე (15ქ, 9მ), არწივიძე (8ქ, 5პ)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დემურ სადღობელაშვილი
კომისარი: გია სანაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხა აგრარული უნივერსიტეტი და შსს–სთან ერთად A ჯგუფს ლიდერობს. სწორედ თსუ და შსს გაარკვევენ ერთმანეთში ხვალ ფინალისტს, თსსუ და სსაუ კი უშანსოდ არიან.
სსაუ–ში დებიუტი ჰქონდა მწვრთნელ გია კაზანჯიანს, რომელიც 16–წლამდელთა ნაკრების თავკაცია და შეკრებიდან გუშინ დაბრუნდა. დებიუტი უკანახაზელ ჰქონდა დავით არწივიძესაც, რომელმაც სსაუ–ს უკანა ხაზი კი გააძლიერა, მაგრამ იმდენად ვერა, რომ თსუ–ს დარ ძლიერ გუნდთან რამე გამოსვლოდა. ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული აგრარელები ბევრს ეცადნენ, არც მონდომება აკლდათ და არც შემართება, მაგრამ გაცილებით მაღალი კლასის გუნდთან ვერას გახდნენ.
თსუ–მ პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგო, შემდეგ კი თამაში დააწყნარა და მოპოვებულ ლიდერობას ყოველი ათწუთეულის ბოლოს მცირედს ამატებდა, რაც მთლიანობაში 20 ქულა გამოვიდა. სწორედ ასეთი მრგვალი ანგარიშით – 100:80 მოიგო ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა და ხვალ, 18 საათზე, ნახევარფინალის ტოლფას მატჩში შსს–ს შეხვდება.
თსუ–ში 1 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე რიჩარდ მათიაშვილს, რომელმაც 22 ქულა, 11 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. 21 ქულა ჰქონდა თსუ–ში ახალგადასულ მიხეილ ბერიშვილს, რომელიც სუპერლიგის პირველ წრეში „არმიაში“ გამოდიოდა.
ამ მატჩის შემდეგ რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში B ჯგუფის გუნდები ითამაშებენ. 16 საათზე „ენერჯი–ინვესტი“ სტუ–ს შეხვდება, ხოლო 18 საათზე „სოხუმი“ „დინამოს“ დაუპირისპირდება.
A ჯგუფი
შსს 2 2 0 182:119 4
თსუ 2 2 0 185:147 4
სამედიცინო 2 0 2 124:174 2
სსაუ 2 0 2 142:193 2