მემორიალის ფინალში შსს და “ენერჯი–ინვესტი” გავიდნენ
მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი.
ნახევარფინალი. რუსთავი. 16 იანვარი
სსაუ 78:80 შსს
21:21 18:20 21:21 18:18
სსაუ: წივწივაძე (21 ქულა, 6 პასი), გულისაბედაშვილი (5), გ. ბარბაქაძე (5), დიდია (19ქ, 12 მოხსნა), ათანელიშვილი (11ქ, 9მ); ჩაჩიბაია (7), მარხვაშვილი (6), ტყეშელაშვილი (4)
შსს: ი. ბერიშვილი (11ქ, 8პ), ნიკოლაძე (21), ლაფანაშვილი (10), მარკოიშვილი (3), სუხიშვილი (15ქ, 8მ); დ. ბერიშვილი (9), შერმადინი (11)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, გურამ მიქელაძე
კომისარი: მურმან ქურიძე
ენერჯი–ინვესტი 88:87 თსუ
29:22 22:27 18:19 19:19
ენერჯი: ტუღუში (15ქ, 5მ, 7პ), არწივიძე (2), ჭოჭუა (16), ტუჯანი (9), ბაბიაშვილი (26ქ, 13მ); ცეკვავა (12), დვალიშვილი (4), ბოისა (4), პირველაშვილი
თსუ: გაფრინდაშვილი (9), კოხრეიძე (2), ფანჩულიძე (19), დ. ბარბაქაძე (20ქ, 7მ), მინაშვილი (16); კეიდია (12), ლოსაბერიძე (9), კუჭავა
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: მურმან ქურიძე
მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის ფინალისტები ცნობილია: რუსთავული „ენერჯი–ინვესტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის წინააღმდეგ. დღეს ამ გუნდებმა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვეს ფინალის საგზურები. შსს–მ აგრარული უნივერსიტეტის გუნდს 80:78 მოუგო, ხოლო „ენერჯი–ინვესტმა“ სირენამდე 2 წამით ადრე ჩაგდებული საჯარიმოებით მოახერხა თსუ–ს დამარცხება.
შსს–სა აგრარული უნივერსიტეტის დაპირისპირება ბოლო მეოთხედამდე თანაბარი იყო. კვანძი ბოლო წუთებზე გაიხსნა, როცა არჩილ ჟღენტის გუნდმა 9–ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამზე გამოვლინდა.
საიმისოდ, რომ ამ მატჩის დაძაბულობაში დარწმუნდეთ, მეოთდების შედეგებისთვის თვალის გადავლებაც კმარა. სამი მათგანი ფრედ დასრულდა, მხოლოდ ერთი (მეორე) ათწუთეული მოიგო შსს–მ 2 ქულით და ეს 2 ქულა იყო, საბოლოოდ რითაც გაიმარჯვა.
ძირითადად შსს იყო წინ, მაგრამ ძალიან მცირედით. ათჯერ დაფიქსირდა თანაბარი ანგარიში, ხოლო ლიდერი 9–ჯერ შეიცვალა. აგრარელებს ბექა წივწივაძე წინამძღოლობდა, რომელიც ბურთსაც კარგად ათამაშებდა და საშუალო თუ შორი დისტანციებიდანაც წარმატების ლაშქრავდა მეტოქის კალათს. რევაზ დიდია კი პერიმეტრზე იყო ჩასაფრებული და ისეთ მომენტებში აგდებდა სამქულიანს, როცა სსაუ–ს ჰაერივით სჭირდებოდა ქულები. ამის გარდა, დიდია ფარზეც ყოჩაღობდა და საბოლოოდ 12 მოხსნაც დაუგროვდა.
შსს კი უფრო გუნდურად, კომბინაციურ კალათბურთს თამაშობდა. გამთამაშებლის პოზიციაზე ერთმანეთს ტყუპი ბერიშვილები ენაცვლებოდნენ, გიორგი ნიკოლაძე მსროლელი იყო და ჩააგდო კიდეც ყველზე მეტი ბურთი, მოწინავე ფრონტზე კი ლადო სუხიშვილი იბრძოდა.
თამაშის ბოლო მეოთხედში შსს–მ აქცენტი დაცვაზე გააკეთა, რამაც აგრარელებს რამდენიმე შეტევაში ბურთი დააკარგვინა და ამით ისარგებლეს კიდეც „ძალოვნებმა“. სწრაფი შეტევებით შსს–ს უკანახაზელებმა რამდენიმე ქულა მიითვალეს და ამ მატჩში ყველაზე დიდი სხვაობაც დაფიქსირდა – 74:65 დასრულებამდე 5 წუთზე ადრე.
ასეთი სხვაობა შენარჩუნდა მომდევნო პერიოდში, ხოლო დასრულებამდე 2 წუთით ადრე ირაკლი ბერიშვილმა თითქოს მეტოქის წელში გამტეხი გარღვევა განახორციელა, რის შემდეგაც შსს კვლავ 9 ქულით (77:68) გაალიდერა, მაგრამ… ამას უმალ მოჰყვა წივწივაძის სამქულიანი, შსს–მ შეტევაში სროლა გააცუდა და გიგი ბარბაქაძემ საჯარიმოებით სსაუ–ს ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა – 73:77.
შემდეგ ქულები გაიცვალა, დიდიამ სამქულიანი ააცილა და შეტევაში გაჭრილი შსს–ს გამთამაშებელი ირაკლი ბერიშვილი ჯარიმით შეაჩერეს. მან მხოლოდ 1 სროლა ჩააგდო და სირენამდე 30 წამით ადრე თავისიანები 79:75 დააწინაურა. წივწივაძემ ესროლა, მაგრამ ამჯერად ვერ ჩააგდო სამქულიანი, თუმცა შეტევის უფლება აგრარელებმა მალევე დაიბრუნეს, რაკი შეტევაზე გადასულ ნიკოლაძეს ბურთი გვერდით ხაზს მიღმა გაექცა. ტატო ჩაჩიბაიამ დასრულებამდე 9 წამით ადრე ჰაერივით საჭირო სამიანი ჩააგდო და სსაუ–ს ჩამორჩენა მხოლოდ ქულაღა იყო.
სსაუ–ს კალათბურთელებმა, რა თქმა უნდა, ბოლომდე არ გაათამაშებინეს მეტოქეს ბურთი და ტაქტიკური ჯარიმა აიღეს. დავით ბერიშვილმა პირველი სროლა ააცილა, მეორე ჩააგდო და 2 ქულით ჩამორჩენილ აგრარულ უნივერსიტეტს შესატევად 7 წამი დარჩა.
ბურთი წივწივაძემ გადაიტანა შსს–ს ნახევარზე და საჯარიმოს ხაზთან მდგარ ათანელიშვილს გადააწოდა. სსაუ–ს ცენტრი ფარისკენ კი არ დაიძრა, პერიმეტრზე აიწია და სამქულიანით საქმის მოტავება მოიწადინა. ჩანაფიქრი გამოუვიდა, 208 სანტიმეტრი სიმაღლის მოთამაშემ სამქულიანი კი ჩააგდო, მაგრამ პერიმეტრზე ასვლისას გარბენი გააკეთა და ცხადია, არბიტრმა ზაზა მაჩალაძემ მატჩის მომგები ეს სროლა გააუქმა.
ამაზე არანაკლებ დრამატული გამოდგა „ენერჯი–ინვესტისა“ და თსუ–ს მატჩის ბოლო წამები. ქულით ჩამორჩენილი რუსთავული კლუბის წევრი ანატოლი ბოისა საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე აღმოჩნდა და მან რკინის ნერვები გამოავლინა – ორივე სროლა ჩააგდო და თავისიანებს 88:87 მოაგებინა.
თავად იმაში, რომ ბოისამ 2 საჯარიმო ჩააგდო, განსაკუთრებული არაფერია. დრამატული ისაა, რამ ამ სროლებამდე, ანუ ბოლო წუთზე მოხდა. წინა ნახევარფინალისა არ იყოს, აქაც თითქმის თანაბრად მიმდინარეობდა მთელი შეხვედრა. გამონაკლისი იყო პირველი მეოთხედი, რომელშიც მასპინძელმა რუსთაველებმა უკეთესად ითამაშეს და ათწუთეული 29:22 მოიგეს.
შემდეგ ამოქმედდა თსუ–ს აპრობირებული პრესინგი და სწრაფი შეტევები. თამაში გათანაბრდა და ასე გასტანა ბოლო წამებამდე…
ლევან ცეკვავას სამქულიანმა დასრულებამდე წუთნახევრით ადრე 85:81 დააწინაურა რუსთაველები, მაგრამ აქაც არ გატყდნენ სტუდენტები. გიორგი გაფრინდაშვილმა სწრაფი გარღვევა განახორციელა და ჩამორჩენა ორამდე შეკვეცა. რუსთაველებმა შეტევაში ბურთი დაკარგეს და დავით ბარბაქაძემ სირენამდე წუთით ადრე საჯარიმოს ხაზიდან ანგარიში ამ მატჩში მე–13–ედ გააყაიმა (ლიდერი 23–ჯერ შეიცვალა).
ფანჩულიძე ცეკვავაზე ჯარიმდება, რომელიც მხოლოდ ერთს აგდებს და რუსთაველები ქულით (86:85)გადიან წინ. თსუ–ს თამაშის გადასარჩენად 30 წამი აქვს, თუმცა ბარბაქაძე შეტევაში ბურთს კარგავს და სტუდენტები „ენერჯი–ინვესტის“ საუკეთესო ბომბარდის ზვიად ბაბიაშვილზე ჯარიმდებიან, თამაშის დასრულებამდე 9 წამია. ბაბიაშვილი ორივე სროლას აცუდებს, ბურთს სტუმრები ეუფლებიან, სრაფად გადააქვთ რუსთაველთა ნახევარზე და ფარქვეშ ეულად მიტოვებული ლაშა ლოსაბერიძე საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე ქულით აწინაურებს თსუ–ს.
ერთადერთი, რაც უნდოდათ სტუდენტებს, ჯარიმის არმიღება იყო, რაკი 4 წამში საკუთარი მოედნიდან წამოღებული ბურთის მეტოქის კალათში მოთავსება საკმაოდ სართულო საქმეა. აი, სწორედ აქ მიიღეს თსუ–ელებმა საბედისწერო ჯარიმა და ზემოთ ნახსენები მომენტიც დადგა: ბოისა საჯარიმოს ხაზზე აღმოჩნდა და გამოცდილმა ეროვნული ნაკრების წევრმაც აუღელვებლად მიითვალა გამარჯვების ორი ქულა. არადა, სტუდენტები რომ დაჯარიმდნენ, ბოისა მოედნის ცენტრამდეც კი არ იყო მისული, თამაშის დასრულებამდე კი მხოლოდ 2 წამი რჩებოდა. ამ დარჩენილ დროში თსუ–ს ფორვარდმა ლაშა ლოსაბერიძემ კი მოასწრო სროლა, მაგრამ ბურთმა ფარამდეც კი ვერ მიაღწია და რუსთაველებმაც ფინალში გასვლით გაიხარეს.
ფინალი ხვალ, 17 იანვარს, რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში 16 საათზე გაიმართება
სსაუ – შსს მატჩის ფოტოები:
არჩილ ჟღენტმა წარმატებული დებიუტი მოიწყო
ენერჯი – თსუ–ს ფოტოები: