მიხეილ ბერიშვილის კონტრაქტი და 19-ქულიანი დებიუტი სლოვენიურ “ზლატოროგში”

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მიხეილ ბერიშვილი სლოვენიის უმაღლესლიგელ „ზლატოროგში“ ჩაირიცხა და უკვე პირველი ამხანაგური მატჩიც გამართა. ბერიშვილით ქალაქ ლაშკოს გუნდი ზაფხულში დაინტერესდა და რამდენიმე დღის წინ ქართველი ფორვარდი სლოვენიაში ჩავიდა, სადაც მას ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
გუშინ ლაშკოელები ამხანაგურ მატჩში შოშტანის „ელექტრას“ შეხვდნენ და 97:72 გაანადგურეს. „ზლატოროგის“ გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც პირად ანგარიშზე 19 ქულა ჩაიწერა. ის თავისიანთაგან მხოლოდ იგორ ტრატნიკს ჩამორჩა, რომელმაც 25 ქულა მიითალა.
სლოვენიის ჩემპიონატი 11 ოქტომბერს იწყება. პირველ ტურში ლაშკოელები „ჰოპსი პოლზელას“ ხვდებიან, რომელთანაც გასულ სეზონში მეოთხედფინაური სერია 1:2 წააგეს და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდნენ.