ზაზა ფაჩულიას „მილუოკიმ“ დასანანი მატჩი წააგო „ჩიკაგო ბულსთან“ და საპლეიოფო სერიაში 0:3 ჩამორჩა. ჩიკაგოში 2 მარცხის შემდეგ სერიამ მილუოკიში გადაინაცვლა და ფაჩულიას გუნდი ფავორიტადაც ითვლებოდა, მაგრამ დამატებით დროში არ გაუმართლა. მილუოკელებმა შეხვედრა 2 ოვერტაიმის შემდეგ – 106:113 დათმეს.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 19 წუთი გაატარა. ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 6 მოხსნით და 1 დაფარებით დაასრულა. ფაჩულიას ოპონენტმა, ჩიკაგოელმა ჟოაკიმ ნოამაც 2 ქულა და მანაც 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
საუკეთესო დერიკ როუზი გახლდათ, რომელიც ჩიკაგოელებს გამარჯვებისკენ 34 ქულით გაუძღვა. ჯიმი ბატლერმა „ხარებს“ 24 ქულა მიაშველა. მილუოკელთაგან 25 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო გიანის ანტეტოკოუმპო გახლდათ.
0:3 ჩამორჩენიდან თავი ცოტას თუ დაუძვრენია. „მილუოკიმ“ საკუთარ თავს უნდა აჯობოს, რომ ზედიზედ 4 მატჩი მოიგოს და პლეი ოფის მომდევნო რაუნდში გავიდეს. მორიგი მატჩი მილუოკიში 26 აპრილს გაიმართება.