ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას საქართველოს ნაკრებმა უკვე მეორე კალათბურთელი დაკარგა. პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ზაზა ფაჩულიას ტრავმის შემდეგ დღევანდელ შეხვედრაში, მაკედონიასთან, სასტარტო ხუთეულის მეორე წევრიც დაშავდა.
შეხვედრის მეორე მეოთხედში, მოედანზე გატარებული 12 წუთის შემდეგ, გიორგი ცინცაძემ ტრავმა მიიღო. იგი მეურვეს გასცდა, თუმცა მაკედონიელმა უკნიდან ფეხში ჩაარტყა და ქართველ გამთამაშებელს ტრავმა მიაყენა. ცინცაძე მოედნიდან გაიყვანეს, მოგვიანებით კი საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმების მწარე დიაგნოზმა საქართველოს ნაკრებს მეორე მოთამაშეც გამოაკლო. ცინცაძეს ფეხზე ჯვარედინი მყესები გაუწყდა.
გიორგი ცინცაძეს ფეხი ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს და სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში იგი ოპერაციას გაიკეთებს. ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 10 მოთამაშით დარჩა, რადგან განაცხადში კალათბურთელების დამატება დებულების თანახმად აღარ შეიძლება.