ნაკრების წევრის მორიგი ტრავმა – ფაცაციამ ხელი მოიტეხა

ნაკრების წევრის მორიგი ტრავმა – ფაცაციამ ხელი მოიტეხა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ტრავმებისგან გაიტანჯნენ. 3 თვე ხდება, რაც ფეხის ტრავმის გამო მანუჩარ მარკოიშვილი უქმადაა, ხოლო 1 თვეა,  რაც ზაზა ფაჩულია მოედანზე არ გამოჩენილა. ამ დღეებში მძიმე ტრავმა მიიღო ლევან ფაცაციამ, რომელმაც ხელი მოიტეხა და დაახლოებით  3 თვე ვერ ითამაშებს.
ქართველი ფორვარდის ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა მისი გუნდის, დნიპროძერჟინსკის “აზოტის” მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ კობზისტიმ: “ფაცაციას მძიმე მოტეხილობა აქვს. “მსროლელი” ხელი დაიზიანა. მის გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდება. შეიძლება, ქირურგიულმა ჩარევამ კარგი შედეგები მოიტანოს, თუმცა, ორ თვეზე ნაკლებ დროში მაინც ვერ მომჯობინდება, პესიმისტური პროგნოზით კი, ლევანს ოთხ თვემდე პერიოდის გამოტოვება ელის”.
ფაცაციამ “აზოტის” შემადგენლობაში უკრაინულ სუპერლიგაში 9 მატჩი ითამაშა და მოედანზე საშუალოდ 28 წუთს ატარებდა. ქართველი ფორვარდის მონაგარი საშუალოდ მოგროვებული 9.1 ქულა, 5.6 მოხსნა და 2.1 პასი გახლდათ.
“აზოტს” უკრაინის პირველობაზე მხოლოდ 1 მატჩი აქვს მოგებული და ამ შედეგით ბოლო ადგილზე იმყოფება.