იტალიის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში ნიკა ცქიტიშვილის “ტერამო” გასვლაზე “არმანი ჯინსს” შეხვდა და მოულოდნელად, 84:79 დაამარცხა მასპინძელი. ამ გამარჯვებაში საკმაოდ დიდი როლი საქართველოს ნაკრების წევრმაც ითამაშა.
იტალიური მასმედიის თქმით, “ტერამოს” გამარჯვება ყველაზე მეტად ნიკას კარგმა და აგრესიულმა თამაშმა განაპირობა. ცქიტიშვილი არაჩვეულებრივად ირჩევდა სასროლ პოზიციას და შეხვედრა 8 საშუალო სროლიდან ექვსის გამოყენებით ჩაამთავრა. 6 საჯარიმოდან ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 1 ვერ გამოიყენა და მატჩი 17 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. მის ანგარიშზე ასევე 1 შედეგიანი გადაცემაც იყო.
ნიკა “ტერამოს” მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო ხუთეულში დააყენა და საქართველოს ნაკრების წევრმა მოედანზე 39 წუთს დაჰყო. გაზეთმა “ტუტოსპორტმა” ცქიტიშვილს მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება (8.5) დაუწერა, ხოლო “ლეგაბასკეტისთვის” მიცემულ ინტერვიუში “ტერამოს” Mთავარმა მწვრთნელმა მასიმო ბიანკიმ ცქიტიშვილი თავის გუნდში საუკეთესოდ დაასახელა.
3 ტურის შემდეგ “ტერამოს” 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
მატჩის სრულ სტატისტიკას აქ გაეცნობით.