საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელსაც გასული სეზონის ბოლოს ესპანური პრიმერადივიზიონის გუნდ „ფუენლაბრადასათან“ კონტრაქტი დაუმთავრდა, ამერიკაში, „ნიუ იორკ ნიკსის“ საზაფხულო კემპზე ითამაშებს.
ცქიტიშვილი ახლა უკონტრაქტოდაა და ნბა–ს გუნდის კემპზე მას არაერთი გუნდის წარმომადგენელი შეავლებს თვალს. კემპში მონაწილეობას მიიღებს 6 გუნდი: „მემფისი“, „საკრამენტო“, „დეტროიტი“, „ჩიკაგო“, „ვაშინგტონი“ და მასპინძელი „ნიუ იორკი“. ქართველი ფორვარდი სწორედ მასპინძელთა გუნდში ითამაშებს და მისი ნომერი იქნება 55, როგორც ეს 3 წლის წინ, ამ გუნდში თამაშისას იყო. ცქიტიშვილმა ნიუიორკელებთან 2006-07 წლების სეზონში სამიოდ თვე ითამაშა და მხოლოდ 3 მატჩში მიიღოი მონაწილეობა. ახლა ის ისევ „ნიუ იორკშია“, მაგრამ უკონტრაქტოდ და ხელშეკრულება რომ გაუფორმონ, საზაფხულო ლიგის მატჩებში თავის გამოჩენა მართებს.
მისი გუნდელები საზაფხულო ლიგაზე იქნებიან: ალექს ასკერი, მორის ალმონდი, პატრიკ იუინგი უმცროსი,ჯორდან ჰილი, იაროსლავ კოროლევი,დევიდ ნოელი, მუსამედ სენე, რაშად სინგლტონი, რონ ჰოვარდი, ტონი დუგლასი, უორენ კარტერი, ბლაიკ აჰერნი, ვინკ ადამსი. საზაფხულო ლიგა 11 ივლისს იწყება და 3 დღე ვარჯიშები იქნება, რის შემდეგაც მატჩების ჯერიც დადგება. ცქიტიშვილის „ნიუ იორკი“ 14–19 ივლისს 5 მატჩს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების შეკრება 20 ივლისს ავსტრიაში იწყება და ცქიტიშვილიც სავარაუდოდ პირდაპირ ამერიკიდან შეუერთდება იგორ კოკოშკოვის გუნდს.