ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე – ზაზა ფაჩულიას ჩვეულად ქცეული ულუფის შესასრულებლად მცირედი დააკლდა, თუმცა საერთო შედეგიანობით ქართველი ცენტრი „ნიუ ორლეანთან“ დალასში 98:105 წაგებულ მატჩში თავის გუნდში საუკეთესო იყო.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და ვესლი მეთიუზთან ერთად მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი – 35 წუთი გაატარა. ზაზამ 11-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 4 ჩაჭრა ზაზასთვის მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდია. კარიერის საუკეთესო შედეგი კი 5 ერთეულს შეადგენს.
დალასელთაგან ყველაზე მეტი – 24 ქულა დირკ ნოვიცკიმ მოაგროვა, თუმცა გერმანელ სუპერვარსკვლავს სხვა კომპონენტებში ჰქონდა შედარებით მოკრძალებული სტატისტიკა და შესაბამისად, შედეგიანობით ადგილი ფაჩულიას შემდეგ დაიკავა. ასევე იყო ვესლი მეთიუზიც, რომელმაც 18 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ნიუორლეანელთა შორის საუკეთესო იყო ენტონი დევისი, რომელმაც 31 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. ფაჩულიას უშუალო ოპონენტმა, ომერ აშიკმა შეხვედრა 1 ქულით და 3 მოხსნით დაასრულა.
19 მოგებითა და 15 წაგებით „დალასს“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილი მყარად უჭირავს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს კვლავ დალასში, ჩვენი დროით 5 იანვრის გარიჟრაჟზე, „საკრამენტო კინგსთან“ ელის.