“ოლიმპიამ” ბოლო წამზე წააგო, შერმადინი კი შეუცდომელი იყო

“ოლიმპიამ” ბოლო წამზე წააგო, შერმადინი კი შეუცდომელი იყო

ევროლიგის ბოლო ტურს ქართველი გულშემატკივრების საქომაგო “ოლიმპიასთვის” აზრი დაკარგული ჰქონდა. ვლადიმერ ბოისას და გიორგი შერმადინის გუნდს ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჰქონდა და დასკვნით მატჩს გასვლისთვის მებრძოლ “ვალენსიასთან” სტუმრად ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ლიუბლიანელებისთვის ამ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, ოლიმპიელებმა ბოლომდე იბრძოლეს და რომ არა სულ მცირე მოდუნება, გაიმარჯვებდნენ კიდეც.
“ოლიმპია” თამაშის დასრულებამდე 1 წამით დრე 2 ქულით იგებდა, ბურთი კი გვერდით ხაზიდან ვალენსიელებს შემოჰქონდათ. მასპინძლეთა სერბმა ლეგიონერმა დუშკო სავანოვიჩმა ბურთი მიიღო და პერიმეტრსმიღმიდან მყისიერად სტყორცნა. სამქულიანი ზედ საფინალო სირენასთან ერთად ჩაეშვა ლიუბლიანელთა კალათში და ამ სროლამ “ვალენსია” ჯგუფიდან გაიყვანა – 78:77.
ტრავმირებული ვლადიმერ ბოისა “ოლიმპიას” განაცხადში კვლავ არ ყოფილა, შერმადინმა კი 10:34 წუთს ითამაშა და შეტევისას უშეცდომო გახლდათ. საქართველოს ნაკრების ცენტრმა ორქულიანი და ორივე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა (აღსანიშნავია, რომ გიორგის ევროლიგის მე-3 ტურიდან მოყოლებული ზედიზედ 20 საჯარიმო აქვს ჩაგდებული) და 4 ქულას 1 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება წაამატა. შერმადინმა ბურთი ერთადერთხელ დაკარგა, ჯარიმა არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯრიმდნენ.
“ოლიმპიას” რიგებში კევინ პინკნი (27 ქულა, 9 მოხსნა) და კენი გრეგორი (25 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი) გამოირჩნენ, “ვალენსიაში” კი ომარ კუკმა, რაფა მარტინესმა და დუშკო სავანოვიჩმა 14-14 ქულა მიითვალეს.
ჯგუფში პირველი ადგილი “პანათინაიკოსმა” დაიკავა, ხოლო “ოლიმპია” მეორეზე გავიდა. ევროლიგა ახლა დაისვენებს და ახალი წლის მერე საუკეთესო 16 გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეორე ჯგუფური ეტაპიდან გააგრძელებს.