ოლიმპიურ სასახლეში 16-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე ტრადიციულად ტარდება თბილისის ჩემპიონატი, რომელიც ასევე საკვალიფიკაციო ეტაპია და ტურნირის საუკეთესო 8 გუნდი საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.
ჩემპიონატი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ორგანიზებით და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება. თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატში 19 გუნდი მონაწილეობს: დინამო, ზაზა 1, ზაზა2, ზაზა3, ზაზა4, ზაზა5, აკადემია1, აკადემია2, აკადემია3 , მართვე, ორბი, ჰიუნდაი1, ჰიუნდაი2, ოვერტაიმი, იბერი, ვინგსი, საბურთალო, ქარი და მეგა.
დღევანდელ კენჭისყრაზე გუნდები 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. ერთი წრის შემდეგ თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო გუნდი გავა. მეოთხედფინალში გასული გუნდები ავტომატურად მოიპოვებენ საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურებს.
კენჭისყრას მონაწილე გუნდების წარმომადგენლებთან ერთად თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ხელმძღვანელები და სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი ესწრებოდნენ.
თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატი 26 ნოემბრიდან დაიწყება. 26 ნოემბრიდანვე აიღებს სტარტს საქართველოს 14-წლამდელთა ასაკობრივი ჩემპიონატი.