ახალი ამბების სააგენტო GHN-ის ეგიდით დღეს „ოქროს პერგამენტი – 2009“–ის ლაურიატები გამოვლინდნენ. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს „ვერე გარდენმა“ უმასპინძლა, სადაც გაცხადდა წლის გამორჩეული ადამიანები და კომპანიები. სულ ათ ნომინაციაში დაასახელეს საუკეთესონი, რომელთაგან ერთ–ერთი – წლის საუკეთესო გუნდის ტიტული – საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ერგო. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით და რესპოდენტთა საერთო ოდენობამ 1257 შეადგინა.
საპატიო დიპლომი და პრიზი წარწერით: “წლის საუკეთესო გუნდი“ კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ეროვნული ნაკრების მენეჯერმა, მერაბ რატიშვილმა სააგენტო GHN–ის დირექტორ გოჩა მირცხულავასგან ჩაიბარა.
„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენი ნაკრები წლის საუკეთესო გუნდად მიიჩნია. ახლა ევროპაში და ამერიკაში საკალათბურთო სეზონია გახურებული, ჩვენი ნაკრების წევრები სამშობლოში არ არიან და მე მიწევს ამ პრიზის ჩაბარება. მინდა, მათი სახელითაც მადლობა მოგახსენოთ. ჩვენთვის დიდი პატივია ამ პრიზის მოგება, რადგან გასულ წელს საქართველოს არაერთმა გუნდმა მიაღწია წარმატებას. პირველ რიგში დიდი ტრადიციებისა და მიღწევების რაგბის ფედერაცია და ნაკრები მინდა გამოვარჩიო, ასევე მოჭადრაკე ქალები, რომლებიც ხშირად გვახარებენ გამარჯვებებით. წინ გაცილებით მნიშვნელოვანი წელი და შეჯიბებები გველის და ყველაფერს გავაკეთებთ, ქართველი გულშემატკივარიო კიდევ უფრო რომ გავახაროთ“ – განაცხადა მერაბ რატიშვილმა.
საკალათბურთო ნაკრები “ვერე გარდენში” პირველი დააჯილდოვეს, რის შემდეგაც კიდევ 9 ნომინაციაში გამოვლინდნენ საუკეთესონი:
წლის ადამიანი – ჭაბუა ამირეჯიბი
წლის ხელოვანი – გიორგი ოვაშვილი
წლის ბიზნესმენი – მამუკა ხაზარაძე
წლის ჟურნალისტი – ვახო სანაია და ნინო შუბლაძე
წლის პროექტი – “ნათელი ქრისტესი. საქართველო” – ნესტან კირთაძე
წლის მეგობარი ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები
წლის კომპანია – “საქართველოს ბანკი”
წლის ბრენდი – “აქსისი”
წლის კომუნიკატორი – “მაგთი”
აქვე შეგახსენებთ გასულ წლებში “ოქროს პერგამენტის” ლაურეატებს:
წლის ადამიანი (ნომინაციების მიხედვით) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, პაატა ბურჭულაძე, რობერტ სტურუა, ნინო ბურჯანაძე, კობა სუბელიანი, გიორგი თარგამაძე, გიორგი გოგუაძე, მაია რჩეულიშვილი, ია ანათაძე, ინგა გრიგოლია, პატრიცია ფლორი, დენის კიფი, ირაკლი ცირეკიძე, მუნუჩარ კვირკველია;
კომპანიები: “ნატახტარი”, “სახალხო ბანკი”, “ავერსი-ფარმა”, “თელიანი ველი”, “ჯეოსელი”, TBC ბანკი. მეგობარი ქვეყანა – საფრანგეთი. წლის პროექტი – “ვანის საგანძური”.
გოჩა მირცხულავა მერაბ რატიშვილს საპატიო დიპლომს და პრიზს გადასცემს