პირველად მოხდა, რომ საგამოფენო მატჩებში „დალას მავერიკსმა“ ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა. აქამდე არც ერთ წინასასეზონო მატჩში არ მიუღიათ მონაწილეობა დალასელთა ძირითადი ხუთეულის წევრებს – უესლი მეთიუზს და დერონ უილიამს. დღეს, გამთენიისას ზაზა ფაჩულიას გუნდმა ჩიკაგოში „ბულსთან“ ითამაშა და ყველა ეს მოთამაშე, პლუს დირკ ნოვიცკი და ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყვნენ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში მოიაზრება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ განაცხადში არ ყოფილა დალასელთა ცენტრი ჯავალე მაკგი. ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ბევრი – 27 წუთი დაჰყო მოედანზე და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ზაზამ 9-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 12 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. საუკეთესო იყო დირკ ნოვიცკი, რომელმაც 26 წუთში 19 ქულა მიითვალა. ორმაგი დუბლი დააგროვა მძიმე ფორვარდმა დუაიტ პოუელმა, რომელმაც 14 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. რაც შეეხება თამაშის შედეგს, დალასელებმა დაძაბულ ბრძოლაში – 102:103 წააგეს.
ამით „დალასმა“ დაასრულა საგამოფენო მატჩები და მომდევნო მატჩს უკვე რეგულარულ ჩემპიონატში გამართავს. 29 ოქტომბერს „ფინიქს სანსს“ ეთამაშება.