ფაჩულია გავარდა – “ატლანტა” გავარდნის ზღვარზეა

ორი გასვლითი მარცხის შემდეგ „ატლანტა ჰოუქსმა“ მეოთხედფინალური სერიის საშინაო მატჩიც წააგო მრისხანე ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდთან“, ხოლო ქართველ ზაზა ფაჩულიას ნერვებმა უმტყუნა, მატჩის შუაწელში მსაჯებს მიეჭრა და დისკვალიფიკაციაც დაიმსახურა.
ამჯერად ჯანზე იყო ატლანტელთა ძირითადი ცენტრი ალ ჰორფორდი და ფაჩულიასაც სათადარიგო სკამიდან მოუწია თამაშში ჩართვა, მაგრამ რად გინდა – 12–წუთიანი ბურთაობის შემდეგ ის მსაჯებს შემოსწყრა რაღაც სათამაშო მომენტზე და 2 ტექნიკური ჯარიმა, ზედაც დისკვალიფიკაცია მიიღო. ფაჩულიას იმ დროისთვის 3 ქულა და ამდენივე მოხსნა ჰქონდა მოგროვებული.
„ატლანტა“ ისედაც ვერ იყო იშტაზე და ფაჩულიას გაგდების შემდეგ მთლად უშანსოდ დარჩა. ერთი რამ უნდოდათ „ქორებს“ გასამარჯვებლად: ლებრონ ჯეიმსის შეჩერება, მაგრამ ეს ვარსკვლავ–ბიჭუნა მთელი სეზონია, კაციშვილმა ვერ შეაჩერა და რაღა ატლანტელები მოახერხებდნენ ამას. ჯეიმსმა ისევე როგორც წინა მატჩებში, ლამის მარტომ მოუთავა საქმე ატლანტელებს – 24 წლის ასაკში უკვე ლეგენდად ქცეულმა კალათბურთელმა 47 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასი მიაშველა “კლივლენდს“, რომელმაც საბოლოოდ 97:82 დაამარცხა „ატლანტა“ და სერიაში 3:0 დაწინაურდა.
სასწაული უნდა მოხდეს, რომ ფაჩულიას გუნდი მომდევნო პლეი ოფის წრეში გავიდეს, რადგან ზედიზედ 4 მატჩის მოგების პოტენციალი ატლანტელებს ელემენტარულად არ გააჩნიათ. მომდევნო შეხედრა ხვალ ისევ ჯორჯიის დედაქალაქში გაიმართება.

აღელვებულ ფაჩულიას კლივლენდელი ანრედსენ ვარეჟაო ამშვიდებს

ფაულია ლებრონ ჯეიმსს ბოჭავს