„ატლანტა ჰოუქსის“ მწვრთნელი დრიუ გუდენი ექსპერიმენტებს განაგრძობს. ერთმატჩიანი შესვენების შემდეგ მან სასტარტო ხუთეულში დააბრუნა ზაზა ფაჩულია. თავიდანვე იყო მოედანზე ატლანტელთა ცენტრი ალ ჰორფორდიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი 2 ცენტრით თამაშის გზებს ეძებს. სამწუხაროდ, „კლიპერსთან“ მატჩში ამან არ გაამართლა. ატლანტელები ლოს ანჯელესში 76:89 დამარცხდნენ.
ფაჩულიას კლიპერსელი რონი ტურიაფი და ლამარ ოდომი მეურვეობენ
ფაჩულია ზედიზედ მეორე მატჩია, სამქულიანს ესვრის, რაც სავადაუდოდ იმის გამოა, რომ მწვრთნელი მას ფორვარდად ათამაშებს, ჰორფორდს კი – ცენტრის პოზიციაზე. ზაზამ სამქულიანი ააცილა, ხოლო საშუალო დისტანციიდან 5-დან 2 ჩააგდო, რასაც 2-დან 1 საჯარიმო მოაყოლა და საბოლოოდ 5 ქულა დააგროვა. ამასთან ერთად ფაჩულიამ 6 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა.
ატლანტელებს 5 მატჩიდან 2 გამარჯვება აქვთ და ამ შედეგით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფებიან. 5-დან 3 გამარჯვებით მე-5 ადგილზეა თორნიკე შენგელიას „ბრუკლინი“, რომელმაც „ორლანდოს“ უმასპინძლა და 82:74 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე არ გამოჩენილა.
მომდევნო შეხვედრას „ბრუკლინი“ 13 ნოემბერს შინ „კლივლენდთან“ გამართავს, ხოლო ფაჩულიას „ატლანტა“ ხვალ, გამთენიისას, პორტლენდში „ბლეიზერსს“ დაუპირისპირდება.