ზაზა ფაჩულიამ საგამოფენო მატჩები მძლავრი თამაშით დაასრულა. „ატლანტა ჰოუქსმა“ დღეს, გამთენიისას, დეტროიტში ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა გამართა იქაურ „პისტონსთან“ და ნბა–ს ეს ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური გუნდი ქართველი ცენტრის ბოლო წამებზე ჩაგდებული ბურთით 88:87 დაამარცხა.
მხოლოდ ამ გადამწყვეტი ბურთის გამო არაა ფაჩულია შესაქები – ის მოედანზე ერთ–ერთი ყველაზე შედეგიანი იყო და მატჩის ბომბარდირობამდე სულ ცოტა დააკლდა. ატლანტელ ფლიპ მიურეის ზაზაზე ერთით მეტი, 19 ქულა დაუგროვდა.
ზაზა ფაჩულია დეტროიტელებმა ვერ შეაჩერეს
თუმც მხოლოდ ქულები ხო არაა საქმე, ფაჩულიამ 9 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე) და თითო ჩაჭრა–პასი მოაგროვა და ეს ისე მოახერხა, რომ ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს. ქართველი ცენტრი ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა საგამოფენო მატჩებში ყველაზე მეტ ხანს ითამაშა – მაიკ ვუდსონმა ზაზა 27 წუთით დაასაქმა, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც „ატლანტას“ ძირითადი ცენტრი ალ ფორფორდი. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ჰორფორდს 6–6 ქულა–მოხსნა და თითო პას–დაფარება დაუგროვდა, თუმცა ბურთი 2–ჯერ დაკარგა და თამაშიდანაც მისი სროლათა შედეგინობა 50 პროცენტზე დაბალი იყო.
თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მასპინძელი „დეტროიტი“ გადამწყვეტი მეოთხედის წინ 3 ქულით ამარცხებდა ატლანტელებს, თუმცა ქართველი ცენტრის კარგი თამაშის წყალობით საბოლოოდ მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
როგორც ვთქვით, ატლანტელებმა დაასრულეს საგამოფენო მატჩები და რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩს 29 ოქტომბერს ორლანდოში „მეჯიქთან“ გამართავენ.