როგორც ჩანს, ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსი” წლეულსაც პლეი ოფში გასასვლელად იბრძოლებს და იქ მინიმუმ ერთი ბარიერის გადალახვის პრეტენზიაც ექნება. “ქორებმა” პირველ საგამოფენო მატჩში “ორლანდოს” სტუმრად დამარცხების შემდეგ არიზონაში გადაინაცვლეს და დასავლეთ კონფერენციის ერთ–ერთი უძლიერესი გუნდი “ფინიქსი” 100:96 დაამარცხეს.
ფაჩულიას წამით გაასწრო ფინიქსელმა გრანტ ჰილმა
ქართველმა ცენტრმა ზუსტად იმდენი დრო დაჰყო მოედანზე, რამდენიც წინა მატჩში და ზაზა კვლავ საკმაოდ შედეგიანი იყო. 19 წუთში ფაჩულიამ 9 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და ამდენივე ჩაჭრა მიითვალა, რაც მეტი თუ არა, ნაკლები არანაირად არაა “ატლანტას” ძირითადი ცენტრის, ალ ჰორფორდის მონაგარზე.
ჰორფორდმაც წინა მატჩის დარად 23 წუთი დაყო მოედანზე და 10 ქულასთან ერთად რაც შედეგიანობაში ჩაეთვალა, მხოლოდ 6 მოხსნა მოხსნა იყო. ჰორფორდს და ფაჩულიას ბრძოლა უწევდათ ფინიქსელთა ვეტერან სუპერვარსკვლავ შაკილ ონილთან, რომელიც მატჩის საუკეთესო ბომბარდირი კი გახდა 21 ქულით, მაგრამ მის გარჯას არიზონელთა დამარცხებამ ხიბლი დაუკარგა.
ფაჩულია გამორჩეულად აქტიური სწორედ ონილის სამფლობელო ფარქვეშეთში იყო, რაკი 6–ჯერ მოუწია საჯარიმოს ტყორცნა, როცა ჰორფორდს ამის შანსი არ მისცემია. ზაზას ფარქვეშა აქტიურობა იქიდანაც კარგად ჩანს, რომ ქართველმა ცენტრმა ატლანტელთაგან ყველაზე მეტი, 7 ბურთი მოხსნა. მას ამ მაჩვენებელში მხოლოდ შაკილ ონილმა აჯობა, რომელმაც 23 წუთში 10 მოხსნა მოაგროვა.
ატლანტელები ფინიქსიდან პორტლენდში გადაინაცვლებენ და ხვალ იქაურ “ბლეიზერსთან” მორიგ საგამოფენო მატჩს გამართავენ. ამჯერად ფაჩულიას ოპონენტი შარშანდელი დრაფტის პირველი ნომერი, თუმც ტრავმის გამო მთელი სეზონი ნამკურნალევი გრეგ ოდენი იქნება.