„ატლანტა ჰოუქსმა“ მორიგი მატჩი წააგო, თუმც რომ მოეგო, ეს უფრო დიდი მოულოდნელობა იქნებოდა. „ქორებმა“ აღმოსავლეთის ლიდერ „ბოსტონთან“ სტუმრად 90:102 დათმეს შეხვედრა და ეს გამარჯვება „სელტიქსისთვის“ ზედიზედ მე–12 აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში.
ქართველმა ცენტრა, რომელსაც გასულ მატჩებში სათამაშო დრო გვარიანად შეუმცირდა, ამჯერად 18,25 წუთი ითამაშა და თავიც გამოიჩინა. საერთოდ, ფაჩულიას „ბოსტონთან“ ბევრს ათამაშებენ. ქართველი ცენტრი გამორჩეული ჟინით იბრძვის „კელტებთან“ შეხვედრაში და ინციდენტი, რის შემდეგაც ზაზა ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიო მედია–სივრცეში, სწორედ „ბოსტონთან“ მატჩში გადამეტებული მონდომების გამო შეემთხვა. ქართველი ცენტრსა და ნბა–ს ვარსკვლავ კევინ გარნეტს შორის ჩხუბი მთავარი თემა იყო ტელევიზიებისთვისა თუ პრესისთვის.
ზაზა ფაჩულია გლენ დევისს ეღობება
ფაჩულიამ საკმაოდ კარგად ითამაშა, 3–დან 2 ორქულიანი და 6–დან ექვსივე საჯარიმო ჩააგდო და თამაში 10 ქულით, 4 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა. ზაზა ფაჩულია საუკეთესო იყო ატლანტელთაგან ერთ სპეციფიკურ კომპონენტში. ნბა–ს მესვეურებმა ამის წინა სეზონიდან დაიწყეს ახალი სტატისტიკური მაჩვენებლის აღნუსხვა ოქმში. ითვლიან ბურთების შეფარდებას იმ დროის მანძილზე, როცა მოთამაშე მოედანზე იმყოფება. ჰოდა, ფაჩულიას ამაში თავისიანთაგან ვერავინ აჯობა. როცა ზაზა მოედანზე იყო, „ატლანტამ“ 7 ქულით აჯობა „ბოსტონს“. მაგალითად, ატლანტელტა საამმატჩო ბომბარდირი მარვინ უილიამსი (26 ქულა) რომ მოედანზე იმყოფებოდა, „ქორები“ 13 ქულით ჩამორჩნენ. რაც შეეხება ატლანტელთა ლიდერს, ამ მატჩში შერცხვენილ (1 ქულა მხოლოდ) ჯოშ სმიტს, მისი მოედანზე ყოფნისას ჯორჯიელები 14–ით ჩამორჩნენ.
მომდევნო მატჩს „ატლანტა“ ხვალ გამთენიისას, შინ „შარლოტთან“ ითამაშებს.