როგორც ჩანს, „გოლდენ სტეიტის“ მწვრთნელ-მოთამაშეები ისე გაბრაზდნენ 5 ნოემბერს „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხებით, რომ ამ გუნდთან მორიგ შეხვედრაშივე ღირსეულად იძიეს შური. ლეიკერსელები ისევ ოკლენდში ჩავიდნენ, თუმცა ამჯერად დიდად შერცხვენილები დარჩნენ. „გოლდენ სტეიტის“ მოთამაშეებმა საკლუბო ისტორიაში სარეკორდი 47 შედეგიანი გადაცემა გააკეთეს და საბოლოოდ 149:106 გააცამტვერეს “ლეიკერსი”.
მატჩის ბედი მესამე პერიოდის შუაწელში გადაწყდა, როცა მასპინძელთა უპირატესობამ 30 ქულას მიაღწია. სწორედ ამ მომენტში გავიდა მოედნიდან ზაზა ფაჩულია და ასპარეზი ძირითდად სათადარიგოებს დაეთმოთ, რომლებმაც არათუ დააგდეს ტემპი, არამედ სხვაობა უფრო გაზარდეს და საბოლოოდ „გოლდენ სტეიტმა“ 43-ქულიანი გამარჯვება იზეიმა.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ზაზა ძალიან სარგებლიანი იყო, რაც მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებლებით არ განიაზღვრება. ფაჩულია ძალიან სასარგებლოდ მოქმედებდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და ტაქტიკური ბლოკების დაყენებით მეტოქის ფარისკენ გზის გახსნით თანაგუნდელებს ქულების მოპოვებას უადვილებდა.
რაც შეეხება უშუალოდ ქართველი ცენტრის მონაგარს, ზაზამ 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი ჩაჭრები: მოედანზე ყოფნის 8 წუთის შემდეგ ზაზას უკვე 3 ჩაჭრა ჰქონდა მოგროვებული და ეს იმ ფონზე, რომ მის გუნდელთაგან არავის 1 ჩაჭრაზე მეტი არ ჰქონია. „გოლდენ სტეიტის“ 7 ჩაჭრიდან 3 ქართველ ცენტრზე მოდის. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„გოლდენ სტეიტში“ 31 ქულითა და 9 პასით სტეფ კარი გამოირჩა. 28 ქულით ეფექტური იყო კევინ დურანტიც, კლეი ტომპსონმა კი ოკლენდელებს 26 ქულა მიაშველა. გაიბრწყინა სათადარიგო იან კლარკმა, რომელმაც სნაიპერული თვისებები ისევ გამოიჩინა. კლარკმა 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 18-წუთიანი თამაში 21 ქულით დაასრულა.
ეს გახლდათ ოკლენდელთა ზედიზედ მე-9 გამარჯვება, თუმცა არ აგებს არც „ლოს ანჯელეს კლიპერსი“, რომელსაც „გოლდენ სტეიტზე“ ერთით მეტი გამარჯვება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ისევ „ლეიკერსთან“ ელის. ეს გუნდები ერთმანეთს 26 ნოემბერს, ამჯერად ლოს ანჯელესში შეხვდებიან.