ფაჩულიამ “ლეიკერსთან” სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა

31 მარტი ზაზა ფაჩულიასთვის გამორჩეული იყო მიმდინარე სეზონში. „ატლანტა ჰოუქსმა“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ 109:92 დაამარცხა, ქართველმა ცენტრმა კი ამ მატჩში სეზონის პირველი ორმაგი დუბლი გააკეთა – თანაც ზაზამ მიმდინარე სეზონში პირადსარეკორდო 24 წუთი ითამაშა.
 
როგორც გამორჩეულ მოთამაშეს და ატლანტელთაგან ერთადერთი ორმაგი დუბლის მიმთვლელს, შეხვედრის შემდეგ ფაჩულიას კომენტარი გააკეთებინეს: „5 მოთამაშით ჩემპიონობას ვერ მოიგებ. ჩვენ გვყავს რამდენიმე კარგი სათადარიგო მოთამაშე და რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ისინი?!“
 
ატლანტელთა სათადარიგოებმა მართლაც დიდი წვლილი შეიტანეს მოქმედი ჩემპიონის დამარცხებაში. ფაჩულიას ორმაგი დუბლის გარდა, მორის ევანსმა 18 ქულა მიითვალა, ხოლო სეზონის საუკეთესო შემცვლელის (მე–6 კაცის) პრიზის უმთავრესმა კანდიდატმა ჯამალ კროუფორდმა ატლანტელებს 14 ქულა მიაშველა.
 
ზაზა ფაჩულიამ თამაშიდან ნასროლი სამივე ორქულიანი ჩააგდო, აი, საჯარიმოს ხაზიდან ცოტა ნაკლები სიზუსტე გამოიჩინა: 7–დან 4 ჩააგდო და 10 ქულას დასჯერდა. ზაზამ ფარზეც კარგად იშრომა და 10 მოხსნა მოაგროვა, რასაც 2 პასი და 2 ჩაჭრაც მოაყოლა, ბურთი კი არ დაუკარგავს. როგორც ჩანს, ზაზას თამაში რომ წაუვიდა, ის მოედნიდან ნაადრევად აღარ გაიყვანა მწვრთნელმა და გაუმართლა კიდეც. ფაჩულია ტოლ–სწორად ეპაექრა მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო ცენტრ პაუ გასოლს და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში გვარიანად შეეშველა.
 
ამერიკელი ჟურნალისტები ზაზას ერთ მცირე კომენტარს, უფრო სწორად შეძახილს აშუქებენ. მატჩის შემდეგ, გასახდელში რომ შევიდნენ, ატლანტელებმა „ბოსტონისა“ და „ოკლაჰომას“ მატჩის ტელერეპორტაჟის ბოლო წუთებს მიუსწრეს და იხილეს, თუ როგორ დამარცხდა მათი კონკურენტი. მატჩი დამთავრდა და აღტაცებულმა ფაჩულიამ წამოიძახა: „ბოსტონმა“ წააგო? ვუ–ჰუუუუ…“
 
ატლანტელებმა „ბოსტონის“ წაგებით ისარგებლეს და აღმოსავლეთ კონტერენციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლეს. ფაჩულიას გუნდს 48 მოგება და 26 მარცხი აქვს და ახლა სურს, საპლეიოფოდ რაც შეიძლება სუსტი მეტოქე შეხვდეს. მოგებებიც ამიტომ სჭირდება.
 

ზაზა ფაჩულია ფარქვეშ რონ არტესტს ჯაბნის
 

პაუ გასოლი და ზაზა ფაჩულია