ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას გარეშე, რომელსაც მაჯა აწუხებს, „გოლდენ სტეიტმა“ უკვე მესამე მატჩი ჩაატარა და მეორედ იმარჯვა. ოკლენდელებმა მორიგი შეხვედრა ნიუ ორლეანში გამართეს და „პელიკანსი“ დიდ ბროლაში – 113:109 დაამარცხეს.ე
გოლდენსტეიტელთა დამრიგებელმა, სტივ კერიმ უკვე მესამე მოთამაშე მოსინჯა ფაჩულიას ტრავმით გამოცარიელებულ სასტარტო ცენტრის პოზიციაზე. ანდერსონ ვარჯეჟაოსა და კევონ ლუნის შემდეგ, რომლებმაც ჯამში 4 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვეს, ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულში ჯავალ მაკგი გამოჩნდა. მაკგიმ წინამორბედ 2 ცენტრზე უკეთ ითამაშა და 16 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
გამარჯვებულ „გოლდენ სტეიტს“ კი 30 ქულითა და 7 პასით სტეფ კარიმ ულიდერა, თუმცა არანაკლები და შეიძლება ითქვას, მეტი სამუშაო გასწია დრეიმონდ გრინმა, რომელმაც სამმაგი დუბლი – 12 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი მიითვალა.
22 მოგებითა და 4 მარცხით ოკლენდელები ლიგის ლიდერები არიან. შემდეგი შეხვედრა „გოლდენ სტეიტს“ 16 დეკემბერს, შინ „ნიუ იორკთან“ ელის.