ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ გამარჯვების გემო გაიხსენა „ატლანტა ჰოუქსმა“. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ლიგის ყველაზე სუსტ, მხოლოდ 3 გამარჯვების მქონე „ნიუ ჯერსის“ უმასპინძლა და დაუნდობლად – 119:89 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ატლანტელებს პრობლემა არ შექმნიათ, სამარქაფო ზაზა ფაჩულიამ მაინც არასაკმარისი დროით ითამაშა. მაიკ ვუდსონმა ქართველ ლეგიონერს 16 სათამაშო წუთი გამოუყო და ზაზამაც თავი არ შეირცხვინა – 6 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. სხვათა შორის, ფაჩულიამ თითქმის იგივე შედეგი გაიმეორა, რაც „ნიუ ჯერსისთან“ წინა მატჩში ჰქონდა. 13 დეკემბერს ატლანტელებმა 130:107 რომ გაანადგურეს „ნეტსი“, ქართველმა იმ მატჩში 8 მოხსნა და 7 ქულა მოაგროვა.
ფაჩულიამ „ნიუ ჯერსისთან“ დღევანდელ მატჩში ოთხიდან ოთხივე საჯარიმო გამოიყენა, ხოლო 3 ორქულიანიდან 1 გაარტყა მიზანში.
ატლანტელებისთვის კარგი ამბავი მოხდა სხვა ფრონტზეც. „ქორების“ მთავარმა კონკურენტმა „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ 2 მატჩი წააგო და „ატლანტამაც“ დივიზიონის ლიდერთან ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირა. ახლა ორლანდოელებს 24 მოგება აქვთ 11 მარცხის წილ, ხოლო ატლანტელების აქტივში 22 გამარჯვება და 12 წაგებაა.
მომდევნო მატჩებში ატლანტელებს სერიოზული გამოცდა ელით. ხვალ კონფერენციის ლიდერ „ბოსტონს“ ხვდებიან, ხოლო ზეგ უშუალოდ „ორლანდოსთან“ მოუწევს დაპირისპირება.
ზაზას ჩინელი ი ძიანლიანი მეურვეობს