ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” ნბა–ს ახალი სეზონი საამაყო გამარჯვებით დაიწყო. თანაც, თითქოს ბედის ირონიააო, ჯორჯიელები პირველსავე მატჩში ქართველი ცენტრის პირველ ამერიკულ გუნდ “ორლანდო მეჯიქს” შეხვდნენ, სადაც 2003–04 წლების სეზონში ნბა–ში ფაჩულიას დებიუტი შედგა.
სადაო გდებისთვის იბრძვიან ზაზა და მარცინ გორტატი
თავიდანვე მარჯვედ მოთამაშე ჯორჯიელები პირველივე წუთებიდან დაწინაურდნენ და შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, დასკვნითი მეოთხედის წინ კი უკვე 19 ქულას იგებდნენ და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.ფაჩულიას ხუთეულში არ დაუწყია თამაში, მოედანზე მხოლოდ 12 წუთი დაყო და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს , ამ მცირე დროში ზაზამ 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო და გუნდის მწვრთნელი მაიკ ვუდსონიც მას მატჩის ბოლომდე უფრთხილდებოდა.მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, ქართველი ცენტრი საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. მართალია, ზაზამ ორივე საჯარიმო ააცილა, თუმცა, 7 ორქულიანიდან 4 ჩააგდო და 8 ქულის მოგროვება მოახერხა.ქართველმა ცენტრმა კიდევ უფრო კარგად იმუშავა ფარზე, შეტევაში 6, ხოლო დაცვაში 2 მოხსნა მიითვალა და ამ მხრივ სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. გარდა ამისა, ჩვენებურმა 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ერთხელაც მას დაუფარეს.“ატლანტაშის” ცენტრის პოზიციაზე ქართველი კალათბურთელის კონკურენტმა ალ ჰორფორდმა 29 წუთს ითამაშა, თუმცა, ზაზას ბევრით ვერაფრით აჯობა: 10 ქულას 9 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა და არბიტრებს ფაჩულიას დარად 5 შენიშვნა დასტყუა.“ატლანტას” შემადგენლობაში 8-ქულიან ზღვარს 7-მა კალათბურთელმა უწია და სტუმართა გამარჯვების მიზეზიც სწორედ კარგი გუნდური თამაში გახდა. “ჰოუქსის” ლიდერთაგან ჯო ჯონსონმა 25 ქულას 7 მოხსნა წაამატა, ჯოშ სმიტმა კი 17 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.“მეჯიქის” რიგებში საუკეთესო, ტრადიციულად, დუაიტ ჰოვარდი გახლდათ. NBA-ს უძლიერეს ცენტრად აღიარებულმა ამერიკელმა მოედანზე 40 წუთამდე გაატარა და მასპინძლებს 22 ქულა, 15 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 5 დაფარება და 1 პასი შეაწია.“ატლანტა ჰოუქსი” მომდევნო მატჩს კვირა დილით, საკუთარ კედლებში, “ფილადელფია სიქსერზის” წინააღმდეგ გამართავს და ქართველ ცენტრს ამჯერად კიდევ ერთ სუპერვარსკვლავ ელტონ ბრენდთან მოუწევს ჭიდილი.