ფაჩულიამ სეზონი გამარჯვებით დაიწყო

ნბა–ს სეზონი ზაზა ფაჩულიასთვისაც გაიხსნა. მისმა “ატლანტა ჰოუქსმა” „ინდიანა პეისერზს” უმასპინძლა და 120:109 იმარჯვა.
შეხვედრის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე “ჰოუქსი” მხოლოდ 103:101-ს იგებდა, როდესაც მასპინძლებმა 10 უპასუხო ქულა მიითვალეს და უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ.
შეხვედრის გმირი ატლანტელთა ცენტრი ალ ჰორფორდი გახდა, რომელიც მატჩის წინა დღეს შეუძლოდ გახლდათ, თუმცა, დილანდელი შეხვედრისას ტრავმის არაფერი ეტყობოდა და 34 წუთში 24 ქულა, 16 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
“მან შეუდარებლად ითამაშა. ქულებიც ბევრი მოაგროვა, მოხსნებშიც ყველა დაჯაბნა და საერთოდაც, ფარქვეშ არავინ გააჭაჭანა. ალი ნამდვილი მონსტრივით გამოიყურებოდა” – ასე გამოეხმაურა ჰორფორდის გარჯას ჯორჯიელთა თავკაცი მაიკ ვუდსონი, რომელიც საკუთარი გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი დარჩა.
ცხადია, კონკურენტის ასეთი გარჯის ფონზე ცოტა სათამაშო დრო ერგო “ჰოუქსის” ქართველი ცენტრს, რომელმაც 16 წუთში 4 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ფაჩულიამ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
მასპინძელთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა უწია, ჰორფორდის გარდა კი, განსაკუთრებით ჯო ჯონსონის გარჯა უნდა გამოვარჩიოთ. მის ანგარიშზე 25 ქულა, 6 პასი და 4 ჩაჭრა გახლდათ.
“ჰოუქსი” მომდევნო შეხვედრას ისევ შინაურ კედლებში გამართავს. 31 ოქტომბრის დილას ატლანტას “ვაშინგტონ ვიზარდსი” ესტუმრება, რომელმაც სეზონის სტარტზე დალასში “მავერიქსთან” 102:91 იმარჯვა. 
 

ზაზა ფაჩულია (#27)