ზაზა ფაჩულიას გუნდმა მორიგი, ძალიან საჭირო გამარჯვება მოიპოვა. მილუოკელებმა თანაკონფერენციელი „სელტიკსი“ ბოსტონში დაამარცხეს, რითაც ბოლო დროს წაგებებით შერყეული აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილი გაიმყარეს. ბოსტონში გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომლის ბოლო ნაწილში მილუოკელებმა იმარჯვეს – 110:101.
ქართველმა ცენტრმა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. ფაჩულიამ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 11 ულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ზაზამ 10-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. „მილუოკიში“ საუკეთესო შედეგი ტრავმისგან გამოჯანმრთელებულმა ოჯეი მაიომ აჩვენა, რომელმაც თავი 24 ქულას მოუყარა.
38 მოგება და ამდენივე წაგება „მილუოკისთვის“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე ყოფნის მყარი გარანტიაა. დარჩენილ 6 მატჩში ვითარება დიდი ალბათობით აღარ შეიცვლება და ფაჩულიას გუნდი რეგულარულ ჩემპიონატს მე-6 ადგილზე დაასრულებს და პლეი ოფის პირველ წრეში აღმოსავლეთის მე-3 ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება, რომელიც სავარაუდოდ „ჩიკაგო ბულსი“, ან „ტორონტო რეპტორსი“ იქნება. მორიგი მატჩი მილუოკელებს 4 აპრილს, შინ „ორლანდოსთან“ ელით.