ფაჩულიას 12 მოხსნა და “ატლანტას” უშანსო წაგება

ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ მეოთხედფინალური სერიის ვერც მეორე მატჩში გააწყო ვერაფერი და რეგულარული ჩემპიონატის მომგებ „კლივლენდთან“ 85:105 დამარცხდა. პირველი შეხვედრაც დიდი სხვაობით წააგეს ატლანტელებმა და ახლა სერიაში 0:2 ჩამორჩებიან.
ფაჩულიამ ამ გამთენიისას გამართული მატჩი ხუთეულში ითამაშა. ატლანტელთა ძირითადი ცენტრი ალ ჰორფორდი ტრავმირებულია და მთელმა დატვირთვამ ქართველ ცენტრზე გადაიარა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზაზამ ამ მატჩის მონაწილეთაგან ყველაზე მეტი დრო დაჰყო მოედანზე (35 წუთი), რის განმავლობაშიც 6 ქულა, 12 მოხსნა (მატჩის საუკეთესო შედეგი), და თითო ჩაჭრა–დაფარება მიითვალა. რაც შეეხება თავად მატჩს, ატლანტელებს შანსი არ ჰქონიათ. მესამე მეოთხედის შემდეგ „კლივლენდი“ 30 ქულას იგებდა და ბოლო თამაში სათადარიგოებმა ჩაამთავრეს.
სერიის მომდევნო 2 მატჩი ატლანტაში ჩატარდება.