ზაზა ფაჩულია ნბა-ს საუკეთესო მომხსნელთა ხუთეულში შედის.“დალას მავერიკსის“ ქართველი ცენტრი მთელს ლიგაში მე-5 პოზიციაზეა და ეს ძალიან დიდი შედეგი და რა თქმა უნდა, გამოწვევაა. ამ მხრივ ზაზას თამაში ტორონტოში ვერ ჩაითვლება შედეგიანად, რადგან მან შეხვედრა მხოლოდ 3 მოხსნით დაასრულა.
ფაჩულიამ ტორონტოში 99:103 წაგებულ მატჩში სასტარტო ხუთეულში, თუმცა საშუალოზე ბევრად ნაკლები – 18 წუთი ითამაშა. ძნელი სათქმელია, არის თუ ამის მიზეზი მოედანზე ჯავალ მაკგის დაბრუნება, თუმცა ზაზას 18 წუთი მის ქომაგებს თვალში ცუდად გვხვდება. რაც შეეხება დალასელთა მეორე ცენტრ – ჯავალ მაკგის, მან 17 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.
ფაჩულიამ 18 წუთში 6-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 7 ქულას ზაზამ 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ისე მოაყოლა, ბურთი არ დაუკარგავს. 7 ქულით დაასრულეს შეხვედრა ხუთეულის წევრებმა – დერონ უილიამსმა და ჩენდლერ პერსონსმა, 15 ქულა მიითვალა ვესლი მეთიუზმა, ხოლო საუკეთესო დირკ ნოვიცკი გახდა 20 ქულითა და 7 მოხსნით.
15 მოგებითა და 13 მარცხით „დალასმა“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილი შეინარჩუნა, თუმცა ტეხასელებს წრიაპით (16 მოგება, 14 მარცხი) ჩამორჩება „მემფის გრიზლისი“, რომელმაც დღეს ფილადელფიაში იმარჯვა. ფაჩულიას გუნდი მორიგ მატჩს ჩვენი დროით ხვალ, გარიჟრაჟზე, ნიუ იორკში „ბრუკლინ ნეთსთან“ გამართავს.