„ატლანტა ჰოუქსი“ ვერ აღმოჩნდა მზად საიმისოდ, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში „ორლანდოსთვის“ ეჯობნა. 2 საგარეო მარცხის შემდეგ ატლანტელებმა სერიის მომდევნო მატჩი შინ ჩაატარეს და იმედი, რომ ანგარიშს გაქვითავდნენ და წარმატების შანს მოიპოვებდნენ, იმედადვე დარჩა.
უფრო სწორად, ატლანტელები თითქმის უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნენ, რადგან მორიგი წაგების (75:105) შემდეგ სერიაში 0:3 ჩამორჩნენ. ნბა–ს ისტორიას ახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როცა 0:3 ჩამორჩენის შემდეგ გუნდს საპლეიოფო სერია მოუგია, მაგრამ ჯერ ერთი, ეს ძალიან იშვიათად მომხდარა, მეორეც, „ატლანტასა“ და „ორლანდოს“ ძალთა რეალური თანაფარდობა არანაირად არ მიგვანიშნებს იმას, რომ ზაზა ფაჩულიას გუნდი სერიაში ზედიზედ 4 თამაშს მოიგებს და აღმოსავლეთის ფინალში გავა.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი გულშემატკივრებით გადაჭედილ საშინაო არენაზე თამაშობდნენ, ატლანტელებმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ფლორიდულ გუნდს. „ორლანდომ“ კვლავ გუნდურად ითამაშა, პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგო, მეორეს შემდეგ 19–ით იგებდა, ხოლო გადამწყვეტი პერიოდის წინ „მეჯიქის“ ლიდერობა 24 ქულამდე ავიდა.
ზაზა ფაჩულიამ საკმაოდ ბევრი – 22,29 წუთი ითამაშა, თუმცა მხოლოდ 2 ქულას და 3 მოხსნას დასჯერდა. ქართველმა ცენტრმა 3–ჯერ შეუტია ორლანდოელთა კალათს საშუალო დისტანციიდან და 1 მათგანი ჩააგდო. „მეჯიქის“ ცენტრი, ამ დღეებში ნბა–ს მიმდინარე სეზონის საუჯეთესო დამცველად დასახებული დუაიტ ჰოვარდი კი 21 ქულითა და 16 მოხსნით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
სერიის მომდევნო მატჩიც ატლანტაში, 10 მაისს გაიმართება.