ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუუქსი” უკვე თავისუფლად შეგვიძლია საპლეიოფო გუნდად მოვიხსენიოთ. თუკი ატლანტელები წინა სეზონებში უპირობო აუტსაიდერები იყვნენ და გასულ გაზაფხულზე მათი პლეი ოფში გასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ახლა “ქორებს” აღმოსავლეთში ერთ–ერთი სოლიდური გუნდი ჰყავთ. ჯორჯიელებმა რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში სტუმრად გასულ სეზონში საკუთარი დივიზიონის მომგები “ორლანდო” დაამწუხრეს, წუხელ კი კიდევ ერთი ძლიერი გუნდი – ელტონ ბრენდით გაძლიერებული “ფილადელფია” 95:88 დაამარცხეს.
განსაკუთრებით ის გარემოებაა გამოსარჩევი, რომ “ატლანტა” თამაშის მსვლელობისას 23 ქულით აგებდა, თუმცა უდიდესი მონდომებისა და პირადად ჯო ჯონსონის დამსახურებით საბოლოოდ სათავისო შედეგი დააფიქსირა. ფილადელფიელთა სადებიუტო წარმატებული თამაში მათი ფარქვეშა აქტიურობით იყო განპირობებული. მეორე მეოთხედის შუაწელში “სიქსერსი” 20:8 უგებდა ატლანტელებს მოხსნებს და რა გასაკვირია, 76–იანელთა უპირატესობა 20–ქულიან ზღვარს რომ გადასცდა.
ვერ ვიტყვით, ფაჩულია იყო გარდატეხის მომხდენიო, მაგრამ მისმა ფარზე აქტიურობამ ატლანტელებს დიდი სამსახური გაუწია. ზაზა შეცვლაზე შევიდა და მოედანზე გატარებულ 21 წუთში 8 მოხსნა დააგროვა, რომელთაგან 7(!) მეტოქის ფარზე მოდის. ანუ ქართველი ცენტრი “ქორების” გაფუჭებული საქმის გამომსწორებელი იყო, რომელიც თანაგუნდელთა აცილებულ სროლებს იხელთებდა და “ატლანტას ” შეტევის ხელახლად ორგანიზების საშუალებას აძლევდა.
თავად ფაჩულიაც აგდებდა ბურთებს, მაგრამ ამ საქმეში დიდად ვერ გამოირჩა: 6 ცდიდან 2 გაარტყა მიზანში, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან ორში ერთი ჩააგდო და საბოლოოდ 5 ქულა დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი მეტად აკურატულად ირჯებოდა და ბურთი არ დაუკარგავს, მეტოქეს კი ორჯერ ჩაუჭრა.
თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია: ატლანტურ “ფილიპს არენაზე” ყველა, ანუ 19 651–ივე ბილეთი გაყიდული იყო. ქომაგთა სიმრავლე და მოედანზე მიმდინარე დაძაბული ორთაბრძოლა, ემოციებს და ნერვებს უძაბავდა ყველას. ერთ–ერთი ასეთი ფილადელფიელი რეჯი ევანსი იყო, რომელიც ატლანტელთა სათადარიგო სკამის სიახლოვეს ზაზა ფაჩულიას წაეკიდა და გაქაჩვა–გამოქაჩვის შემდეგ მსაჯისგან ტექნიკური ჯარიმაც მიიღო.
მაშ ასე, ატლანტელებს ორიდან ორი გამარჯვება აქვთ და მომავალ მატჩში, 5 ნოემბერს, სერიოზული გამოცდა ელით – დასავლეთ კონფერენციისა და ლიგის ერთ–ერთ ფავორიტ “ნიუ ორლეანს” სტუმრობენ