ფაჩულიას “დალასმა” შინ “ტორონტოსთან” წააგო

ფაჩულიას “დალასმა” შინ “ტორონტოსთან” წააგო

“დალას მავერიკსმა“ საშინაო მარცხი განიცადა. ტეხასს აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი, 3-დან 3 მოგების მქონე „ტორონტო რეპტორსი“ ესტუმრა და წაუგებელი სერია გაიგრძელა. კანადურმა გუნდმა „დალასს“ 102:91 სძლია.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ზაზა ფაჩულია პირველად შეხვდა ლიტველ იონას ვალანჩუნასს, თუმცა ამჯერად ვერ დაჯაბნა. ევრობასკეტზე, ზაზასთან ორთაბრძოლაში ლიტველმა გოლიათმა რომ იტყვიან, ხელი ვერ გაანძრია, წუხანდელ მატჩში კი ვალანჩუნასი მოწოდების სიმაღლეზე იყო და 16 ქულასთან ერთად 8 მოსნა მიითვალა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ვალანჩუნასმა ფაჩულიაზე 6 წუთით მეტი ითამაშა. ტორონტოელთა ლიტველი ცენტრის დარად ქართველიც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ზაზამ 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 ქულა მოაგროვა და ამას 7 მოხსნაც მოაყოლა. ფაჩულიას შედეგიანი გადაცემა არ გაუკეთებია და ბურთი სამჯერ დაკარგა.
დალასელები 1 ქულით აგებდნენ ბოლო მეოთხედის წინ, თუმცა არათუ იმარჯვეს, პერიოდი 18:28 დათმეს და სეზონში მეორე მარცხი განიცადეს. მთლიანობაში, ტეხასელებმა უხეიროდ ითამაშეს. საუკეთესო დირკ ნოვიცკის მხოლოდ 18 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა.
2 მოგებითა და 2 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში 7-10 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩი ტეხასელებს ისევ შინ, 6 ნოემბერს „შარლოტ ჰორნეთსთან“ ელით.

ფაჩულია ვალანჩუნასის დაფარებას ცდილობს