ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ჰიუსტონში პრინციპული მატჩი მოიგო

ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ჰიუსტონში პრინციპული მატჩი მოიგო

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ჰიუსტონში „როკეტსი“ დაამარცხა, რითაც რეგულარული ჩემპიონატის მოგების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. „ჰიუსტონი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და შესაბამისად, ლიდერი ოკლენდელების დამარცხების სოლიდური ამბიციაც ჰქონდა, მაგრამ ზაზა ფაჩულიას გუნდმა დიდებულად ითამაშა და მასპინძელი 113:106 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე ბოლო ხანებში სტანდარტულად ქცეული – 14 წუთი გაატარა. ფაჩულიამ ერთადერთი ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 3 მოხსნით და 2 პასით დაასრულა. ზაზმ 4 პერსონალური მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
„გოლდენ სტეიტს“ 32 ქულით, 10 მოხსნით და 7 პასით სტეფ კარიმ ულიდერა, კლეი ტომპსონმა კი სტუმრებს 25 ქულა შეაშველა. ოკლენდურმა გუნდმა პირველი პერიოდი 37:20 მოიგო, რის შემდეგაც ლიდერობა აღარ დაუთმია და გამარჯვებამდეც ღირსეულად მივიდა. ჰიუსტონელებმა რამდენჯერმე 2 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა, მაგრამ სტუმრებმა მეტის საშუალება აღარ მისცეს.
ეს გახლდათ „გოლდენ სტეიტის“ მთავარი მწვრთნელის, სტივ კერის მე-200 კარიერული გამარჯვება, რომელიც მან 238-ე მატჩში მიაღწია. ეს კი ნბა-ს აბსოლუტური რეკორდია. ერთი, რომ კერი უმრწემესია, რომელსაც ნბა-ში 200 გამარჯვება მოუპოვებია, მეორეც, ასე მცირე მატჩებში ამდენი მოგებაც ვერავის მოუხერხებია. მაგალითდ, ლეგენდარულმა ფილ ჯექსონმა პირადი მე-200 გამარჯვება 270-ე მატჩში იზეიმა.
„გოლდენ სტეიტმა“ თავისებური რეკორდი მიითვალა, რაც ზედიზედ 3 სეზონში მინიმუმ 60 გამარჯვების მოპოვებას გულისხმობს. ოკლენდელებს 60 მოგების წილ 14 მარცხი აქვთ და რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი 8 მატჩიდან 6 მოგება ჰყოფნით, პირველობა რომ მოიპოვონ. მორიგ მატჩში, 30 მარტს, „გოლდენ სტეიტი“ უშუალო კონკურენტსა და მდევრ „სან ანტონიოს“ შინაურ არენაზე ხვდება.