“ატლანტა ჰოუქსის” მორიგი გამარჯვება და ზაზა ფაჩულიას მორიგი ხუთეულში გამოჩენა – თუმც ამჯერად იმდენად შედეგიანად ვერა, როგორც წინა მატჩში “ნიუ ჯერსისთან”, როცა ქართველმა ცენტრმა ორი წლის წინ დამყარებული პირადი რეკორდი გაიმეორა 18 მოხსნით.
ფაჩულია ხუთეულში კი იყო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 3 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა. მან მოედანზე 18 წუთი დაჰყო და ეს უპირველესად მისი კონკურენტის, ტრავმამოშუშებული ალ ჰორფორდის გამო მოხდა. ჰორფორდი წინა მატჩში რომ არ იყო, ზაზამ 34 წუთი გაატარა მოედანზე, ახლა კი, მისი დაბრუნების შემდეგ, სათამაშო დრო თითქმის გაუნახევრდა. ზაზამ ერთადერთხელ ესროლა საშუალო მანძილიდან და ისიც ააცილა, ხოლო ის სამი ქულა საჯარიმოს ხაზიდან მიითვალა, რასაც 4 სროლა დააჭირვა.
თამაში მეტად დაძაბული გამოვიდა, ატლანტელები ბოლო მეოთხედის დაწყებამდე ქულას აგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდში იყოჩაღა სათადარიგო მორის ევანსმა, რომელმაც მეტად საჭირო ქულა–მოხსნები გაუხერხა ატლანტელებს და საბოლოოდ გაამარჯვებინა კიდეც – 88:83.
ფაჩულიას გუნდი 8 გამარჯვებითა და 4 მარცხით სამხრეთაღმოსავლურ დივიზიონში მეორე ადგილზეა, სრულიად აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე–5 ადგილი უპყრია.
ატლანტელები მომდევნო მატჩს ხვალ სტუმრად გამართავენ მეტად სერიოზულ მეტოქესთან – ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდს” ბოლო 8 თამაშიდან 7 აქვს მოგებული და “ქორების” მოთვინიერებასაც აპირებს.