ნბა–ს ცენტრალური დივიზიონის ლიდერ “კლივლენდ კავალიერზთან” დიდი ბრძოლა გადაიტანა ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა“ და შეხვედრა დრამატულ ფინალში, 87:88 წააგო, ქართველმა ცენტრმა კი 23 წუთში 11 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
ატლანტას “ფილიპს არენაზე” შეკრებილმა მაყურებლებმა დრამატული მატჩი იხილეს. კლივლენდელები დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, მე-3 მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი 62:49 დაწინაურდნენ.
“ჰოუქსმა” სპურტი სწორედ ამ დროის წამოიწყო და პერიოდის დარჩენილი წუთები 21:7 მოიგო, რაშიც ზაზა ფაჩულიამ, ჯო ჯონსონმა და ფლიპ მიურეიმ დიდი წილი დაიდეს.
ხსენებულმა კალათბურთელმა 5-5 ქულა მიითვალეს, რისი წყალობითაც ჯორჯიელები ერთი ქულით დაწინაურდნენ.
ზაზა ფაჩულია კლივლენდის ფარს უტევს
ამის შემდეგ თამაში ქულა ქულაში გაგრძელდა, კვანძი კი საფინალო სირენამდე 1.6 წამით ადრე გაიხსნა, როდესაც ლებრონ ჯეიმსმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო და “კლივლენდს” ბოლო 8 მატჩში 7 გამარჯვება მოუტანა.
ფაჩულია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ზაზამ 8 მოხსნიდან 6 მეტოქის ფარზე გაახერხა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ქართველმა კალათბურთელმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო, ბურთი კი ორჯერ დაკარგა.
“ატლანტა ჰოუქსი” 33 მოგებითა და 26 მარცხით სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს ინარჩუნებს.
3 მარტის დილას ფაჩულიას კლუბი ვაშინგტონში აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერ “ვაშინგტონს” (14 გამარჯვება, 45 წაგება) ეთამაშება.