ფაჩულიას კლივლენდურ გამარჯვებაში ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა

ფაჩულიას კლივლენდურ გამარჯვებაში ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა

ზაზა ფაჩულიას მიმდინარე სეზონის მეცხრე ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. თუმცა ეს დიდი დანაკლისი არაა, პირიქით – ზაზამ კარგად იტამაშა და მისმა გუნდმაც მოიგო.
„ატლანტას „ მორიგი მსხვერპლი „კლივლენდი“ გამოდგა, რომელიც ჯორჯიელებმა სტუმრად – 103:87 დაამარცხეს. ქართველმა ცენტრმა ხუთეულში – 40 წუთზე მეტ ხანს ითამაშა და პირად ანგარიშზე 9 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი და თითი ჩაჭრა-დაფარება ჩაიწერა.
ზაზამ 11 ცდიდან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. როგორც აღვნიშნეთ, მას კინკილა ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. ატლანტელთაგან 28 ქულით საუკეთესო ჯო ჯონსონი იყო, კლივლენდელთაგან კი ალონზო გი გამოირჩა 20 ქულით.
ატლანტელებს 26 მოგების წილ 19 მარცხი აქვთ და ისინი აღმოსავლეთ კონტერენციაში აქამდე მეხუთეზე მყოფ „ინდიანას“ გაუთანაბრდნენ. მომდევნო ჯახი ატლანტელებს ხვალ ელით – შინაურ არენაზე მათ კვალში მდგარ „ბოსტონს“ მასპინძლობენ.