სეზონის მე-12 ორმაგი დუბლი და პირადსარეკორდო 21 მოხსნა ზაზა ფაჩულიამ დრამატულ ბრძოლაში გამოჭედა. დღეს, გამთენიისას, დალასელმა მებრძოლებმა დიდი ომი გადაიტანეს პორტლენდში, სადაც „თრეილ ბლეიზერსი“ ძალიან ახლოს მივიდა გამარჯვებამდე, თუმცა სტუმართა ლიდერებმა ბოლო წამებზე ნამდვილი თრილერი გამოაცხვეს და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს. დამატებით 5-წუთეულში კი დალასელებმა ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანეს და სათავისო ანგარიში დააფიქსირეს – 115:112.
მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავებთან – დირკ ნოვიცკისთან და დერონ უილიამსთან ერთად პორტლენდში მოგებული ბრძოლის მთავარი მოქმედი პირი ზაზა ფაჩულია იყო. ქართველმა ცენტრმა, რომელიც მოგროვებულ ორმაგ დუბლებში ნბა-ს სამეულშია, პროგრამა მინიმუმი მოედანზე ყოფნის მე-17 წუთისთვის შეასრულა. ამ დროისთვის ზაზას უკვე ორმაგი დუბლი ჰქონდა მოგროვებული, ხოლო პირველი ტაიმი 10 ქულითა და 13 მოხსნით დაასრულა.
„დალასი“, რომელიც მთელი პირველი ნახევარის განმავლობაში იგებდა, ლიდერობა მეორე პერიოდის საფინალო სირენასთან ერთად დაკარგა – 50:52. პორტლენდელთა გაქცევა მესამე პერიოდშიც გაგრძელდა და მასპინძელთა ლიდერობამ ძირითადი დროის ბოლო წამებამდე გასტანა. რაკი ზაზა ფაჩულიასა და დირკ ნოვიცკის დიდებული გარჯის წყალობით ფარქვეშ თამაში არ წაუვიდათ, პორტლენდელებმა შეტევის იარაღად უკანა ხაზი და სწრაფი თამაში არჩიეს.
ეს ამართლებდა და „პორტლენდიც“ იგებდა მანამ, სანამ დალასელთა უკანა ხაზიც არ ამოქმედდა. დერონ უილიამსისა და დევინ ჰარისის გამოცდილებამ დაჩრდილა ახალგაზრდა დამიენ ლილარდის შემართება, ხოლო სამწამიან ზონაში დალასელთა დომინირება ფაჩულიას წყალობით გრძელდებოდა. მეორე ტაიმში ზაზამ ძირითადად დაცვითი შესაძლებლობები აამუშავა და დალასელებს მოხსნებით, ჩაჭრებით და დაფარებებით შეეწია.
შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 1:20 წუთით ადრე „დალასი“ 7 ქულით აგებდა დ თითქოს განწირულიც იყო, თუმცა სწორედ ამ დროს ჩააგდო ვესლი მეთიუზმა ორქულიანი, ხოლო დაცვაში აღებული ბურთი დალასელთა გურუმ, დირკ ნოვიცკიმ სამქულიანად აქცია და სირენამდე 48 წამით ადრე „მავერიკსი“ 2 ქულით – 94:96 მიაახლოვა „პორტლენდს“. მასპინძლებს საპასუხო შეტევაში რომ ეხეირათ, „დალასი“ გაიწირებოდა, თუმცა ლილარდს დერონმა დაუფარა და სტუმრები ყოფნა-არყოფნის შეტევაზე გადავიდნენ. პოტენციურად მატჩის მომგები სამქულიანი სირენამდე 6 წამით ადრე ჩარლი ვილანუევამ ესროლა, რომელიც მიზანს ასცდა, მაგრამ გრძნეული გერმანელი ფორვარდის ხელი მართებულად მისწვდა ბურთს და კალათში ჩააბრუნა – 96:96.
დამატებით დროის დაწყებისას, სადაო გდებაზე ფაჩულიამ ბურთი ედ დევისს მოჰპარა, შემდეგ ქართველმა მოხსნა მიითვალა და მოგვიანებით, საკვანძო ეპიზოდში დამიენ ლილარდის სროლას დააფარა. ბურთები კი ნოვიცკიმ და უილიამსმა ჩააგდეს, რომლებმაც შეხვედრა შესაბამისად 28 და 30 ქულით დაასრულეს. დალასელთა „დიდი ტრიოს“ მესამე წევრს რაც შეეხება, ზაზა ფაჩულიამ 14 ქულა და 21 (!) მოხსნა დააგროვა. ფაჩულიასთვის ეს გახლდათ მოხსნებში პირადი რეკორდის გამეორება.
„პორტლენდთან“ ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 38 წუთი გაატარა. ზაზამ 10-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრის მონაგარმა მთლიანობაში 14 ქულა, 21 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება შეადგინა. ზაზასთვის ეს არის სეზონის მე-12 ორმაგი დუბლი და ის ამ კატეგორიაში დაეწია რასელ ვესტბრუკს, რომელთან ერთადაც მთელს ლიგაში მეორე ადგილს იყოფს. ფაჩულია-ვესტბრუკის წინ მხოლოდ ანდრე დრამონდია, რომელსაც 16 დაბლ-დაბლი აქვს.
11 მოგებითა და 8 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-5 ადგილზეა. მორიგ შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 4 დეკემბერს, შინ „ჰიუსტონ როკეტსთან“ გამართავს.