„ატლანტა ჰოუქსმა“ „ორლანდოსთან“ საშინაო მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხა და მომდევნო საღამოს, ანუ ამ გამთენიისას სტუმრად „ფილადელფია“ დაამარცხა. ჯორჯიელებმა მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს – ყველა მეოთხედი მცირედით მოუგეს, რამაც მთლიანობაში 14–ქულიანი სხვაობა შეადგინა – 100:86.
ზაზა ფაჩულიას ამ ბოლო დროს შედარებით ცოტას ათამაშებენ. ამჯერად ქართველი ცენტრი მოედანზე ოთხნახევარი წუთით გავიდა და ამ მცირე დროში ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო – მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი.
ატლანტელებს უკვე მერამდენედ სწყალობს ჯამალ კრაუფორდი, რომელიც ფაჩულიასავით სათადარიგია, მაგრამ მოედანზე საშუალოდ 30 წუთს ატარებს. დანარჩენი სათადარიგოების დროსაც ძირითადად კრაუფორდი ითვისებს და სხვებთან ერთად ფაჩულიასაც სათამაშოდ ძალიან ცოტა დრო რჩებათ.
ამჯერად კრაუფორდმა 24 ქულა და 5 პასი მოაგროვა ბურთის დაუკარგავად, რითაც მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. „ატლანტაში“ ზაზა ფაჩულიას უშუალო კონკურენტმა ალ ჰორფორდმა კი 41 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა – თუმცა ისიც სათქმელია, რომ ბურთი 5–ჯერ დაკარგა.
ამ გამარჯვებამ „ატლანტას“ სამხრეთ–აღმოსავლეთის დივიზიონში პირველობა დაუბრუნა, თუმცა „ორლანდოს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ნათამაშები და რომ მოიგოს, „ქორებს“ გაუთანაბრდება.
მომდევნო შეხვედრას „ატლანტა“ დეტროიტში, ჩვენი დროით ხვალ გამთენიისას გამართავს.
“ატლანტას” მწვრთნელი მაიკ ვუდსონი და ზაზა ფაჩულია