თითქმის მოგებული მატჩი წააგო „გოლდენ სტეიტმა“. ზაზა ფაჩულიამ სეზონის პირადსარეკორდო 30 წუთი ითამაშა, მაგრამ კევინ დიურანტმა გადამწყვეტ პერიოდში თითქმის ყველფერი გააფუჭა და „მემფისმა“ დასკვნითი მეოთხედის 32:13 მოგებით თამაში ჯერ ოვერტაიმში გადაიყვანა, შემდეგ კი 128:119 იმარჯვა.
მესამე პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე „გოლდენ სტეიტი“ 22 ქულით იგებდა და პირთავდე სავსე შინაურ არენაზე მოთამაშე ოკლენდელეის წგებას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. თუმცა ბოლო პერიოდში „მეომრებმა“ თამაში ჩააგდეს და მემფისელთა გუნდურმა თამაშმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ფაჩულიამ მატჩის ძირითად დროში 27 წუთი ითამაშა, რითაც 1 წუთით გადააჭარბა მის „ბრუკლინთან“ 22 დეკემბერს ნათამაშებ დროს. დამატებით 5-წუთეულში კი ზაზა კიდევ 3 წუთით გამოჩნდა მოედანზე და მთლიანობაში მისმა სათამაშო დრომ სოლიდური სახე მიიღო. ქართველი ცენტრის ხანგრძლივი თამაში მისმა ბოლოდროინდელიმა პროგრესმა და სავარაუდოდ, „მემფისის“ გამოკვეთილი ცენტრით თამაშმა განაპირობა. ამასთან ერთად, ცენტრ მარკ გასოლს „მემფისის“ მწვრთნელი ხშირად ახმარდა ზეკ რენდოლფს, რომელიც მძიმე და ფარზე დაგეშილი ფორვრდია.
ზაზამ საკმაოდ ღირსეულად ითამაშა ლიგის მოწინავე მეფარეების წინააღმდეგ და „გოლდენ სტეიტი“ რომ 3 პერიოდი დამაჯერებლად იგებდა, მისი დამსახურებაც გახლდათ. ზაზა ფარქვეშ მნიშვნელოვნად უზღუდავდა სივრცეს გასოლსა თუ რენდოლფს, ხოლო შეტევაში მახვილგონივრულ ბლოკებს უყენებდა ოკლენდელ მსროლელებს – განსაკუთრებით კი სტეფ კარის, რომელიც ქართველის ტაქტიკური თამაშით ბოძებულ ოქროს წამებს სასროლად იყენებდა (და უმეტესად, აგდებდა).
ფაჩულიას ამ სეზონში ყველა მატჩი სასტარტო ხუთეულში აქვს ნათამაშები და ასე იყო დღესაც. ზაზამ სროლათა მაღალი პროცენტულობა გამოავლინა და შესრულებული 8 ტრორცნიდან მხოლოდ 1 ააცილა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და მოპოვებულ 10 ქულას 4 მოხსნა და 2 პასიც მოაყოლა. ფაჩულიამ 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.
„გოლდენ სტეიტი“ ალბათ არ წააგებდა, ძირითადი დროის ბოლო 5 წუთში საჯარიმოს ხაზიდან მეტი სიზუსტით რომ ესროლა. კლეი ტომპსონმა 2-დან ვერც ერთი საჯარიმო ვერ ჩააგდო, კევინ დიურანტმა კი 4-დან მხოლოდ 1 მოათავსა მეტოქის ფარში. მხოლოდ ზაზამ ისროლა შეუცდომლად, რომელმაც ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 2-დან 2 საჯარიმო „გოლდენ სტეიტი“ 106:102 დააწინაურა.
მიუხედავად დამარცხებისა, „გოლდენ სტეიტმა“ დასავლეთ კონფერენციისა და შესაბამისად, ლიგის ლიდერობა შეინარჩუნა. ოკლენდელებს 31 მოგების წილ 6 მარცხი აქვთ და მომდევნო შეხვედრა 9 იანვარს საკრამენტოში „კინგსთან“ ელით.