„დალას მავერიკსის“ დასანანი მარცხი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთან საშინაო მატჩში. ზაზა ფაჩულიამ “კლივლენდთან” მატჩში სეზონის მე-20 ორმაგი დუბლი მოიხვეჭა და აშკარად დაჯაბნა საკუთარი ოპონენტი ცენტრები, თუმცა მთლიანობაში მისმა გუნდმა დამატებით დროში, 3 ქულით – 107:110 წააგო.
ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 32 წუთი გაატარა. ზაზამ მაღალი შედეგიანობით ესროდა: 6-4 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 12 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. ფაჩულიამ აშკარად დაჯაბნა კლივლენდელი ცენტრი ტრისტან ტომპსონი, რომელმაც შეხვედრა 2 ქულით და 6 მოხსნით დაასრულა. მასპინძელთა სათადარიგო ცენტრმა – რუსმა ტიმოფეი მოზგოვმა 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. ტომპსონი და მოზგოვი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ფაჩულიას წინააღმდეგ ბრძოლაში.
„დალასში“ საუკეთესო შედეგი ჩენდლერ პერსონსმა დააფიქსირა, რომელმაც 25 ქულა მოაგროვა. 17 ქულით და 11 მოხსნით დაასრულა შეხვედრა დირკ ნოვიცკიმ, ხოლო გუნდის მესამე ორმაგი დუბლი დერონ უილიამსის ანგარიშზეა – 16 ქულა, 10 პასი. „კლივლენდს“ 27 ქულით, 10 მოხსნით და 7 პასით ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, კაირ ირვინმა კი „კლივლენდს“ 22 ქულა და 9 პასი მიაშველა.
კლივლენდიდან „დალასი“ ოკლაჰომა სიტიში გადაინაცვლებს, სადაც ჩვენი დროით ხვალ, გამთენიისას მორიგ მატჩს „სანდერთან“ გამართავს. ფაჩულიას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში 22 მოგებითა და 17 მარცხით ისევ მე-5 ადგილზე იმყოფება.