როგორც ჩანს, „ატლანტას“ ძირითად ცენტრ ალ ჰორფორდს ტრავმამ მნიშვნელოვანი დაღი დაასვა და ისიც ჯერჯერობით ვერ ავლენს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს. ეს ამბავი ზაზა ფაჩულიას წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ სასტარტოში ადგილი დაკარგა, მაინც ხანგრძლივად ტოვებენ მოედანზე.
დღეს გამთენიისას „ატლანტამ“ შარლოტში „ბობქეთსი“ 102:97 დაამარცხა და ქართველ ცენტრს ორმაგი დუბლის შესრულებამდე 2 მოხსნა დააკლდა. ფაჩულიამ 25 წუთი ითამაშა, 10 ორქულიანი სროლიდან 4 მოათავსა მეტოქის კალათში, რასაც 4 ცდიდან ჩაგდებული 2 საჯარიმოც მოაყოლა და თამაში 10 ქულით დაასრულა. ზაზას ანგარიშზე დაგროვდა 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი, ბურთი კი 2–ჯერ დაკარგა.
რაც შეეხება ფაჩულიას კონკურენტ ჰორფორდს, მან 30 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა გაახერხა.
ატლანტელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–4 ადგილზე არიან და პლეი ოფში გასვლა, თუ სასწაული არ მოხდა, თითქმის განაღდებული აქვთ.