ფაცაციას გუნდმა პირველიგამარჯვება ივანო-ფრანკოვსკში მოიპოვა

ფაცაციას გუნდმა პირველიგამარჯვება ივანო-ფრანკოვსკში მოიპოვა

უკრაინის სუპერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა ლევან ფაცაციას “დნიპროაზოტმა”. დნეპროძერჟინსკელები ამ გამარჯვებას 8 ტური ელოდნენ და ზედიზედ წაგებების შემდეგ მოგების გემო მე-9 შეხვედრაში გაიგეს.
ფაცაციას გუნდმა გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოიპოვა. მოგება განსაკუთრებული იმიტომაც იყო, რომ ის “აზოტმა” სტუმრად მოიპოვა. დნიპროძერჟინსკელები მე-4 ადგილზე მყოფ “გოვერლას” ივანო-ფრანკოვსკში ესტუმრნენ და მასპინძლები 79:78 დაამარცხეს.
ქართველმა ფორვარდმა ყველაზე მეტი – 38.34 წუთი ითამაშა და გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. ფაცაციამ 9-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი – ასეთი იყო საბოლოოდ ლევანის მონაგარი. ფაცაციას 7 მოხსნა აზოტელთაგან საუკეთსო შედეგი იყო, ბომბარდირი კი ამერიკელი დონალდ სიმსი გახდა 22 ქულით.
მიუხედავად მოგებისა, “დნიპროაზოტმა” ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწია. მომდევნო მატჩი ფაცაციას გუნდს 15 დეკემბერს, სტუმრად, “გალიჩინასთან” ელის.