ფიბა–ევროპამ A დივიზიონის ფორმატი გამოაქვეყნა

16 იანვარი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს გერმანიის პატარა ქალაქ ფრესინგში ფიბა–ევროპა საყოველთაო კენჭისყრას მოაწყობს, სადაც ჩვენი ყურადღება A დივიზიონისკენ იქნება მიპყრობილი. კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება საქართველოს ნაკრების მეტოქეები, რომლებთან ჭიდილშიც იგორ კოკოშკოვის გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი ექნება. 16 იანვრამდე ჯერ კიდევ არის დრო, გუშინ კი ფიბა–ევროპამ A დივიზიონის გათამაშების სისტემა და განთესვის კალათები თავის პრინციპებიანად ოფიციალურად გამოაქვეყნა.
 
მაშ ასე, ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც  სპეციალისტები ვარაუდობდნენ: A დივიზიონში მყოფი 15 გუნდი 3 ჯგუფად (თითოში 5 ნაკრები) გაიყოფა. გუნდები 2010 წლის აგვისტოში ორ წრედ (შინ–სტუმრად) ითამაშებენ და 2011 წელს ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურებს ჯგუფების გამარჯვებულები ავტომატურად მიიღებენ. ამათ 2 საუკეთესო მეორეადგილოსანიც დაემატება და ევროჩემპიონატის 5 საგზურის მფლობელი ამა წლის აგვისტოშივე გაირკვევა.
 

 
გაგახსენებთ, რომ ლიტვის ევროჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს 10 ქვეყნის ნაკრებს. ესენი არიან, რა თქმა უნდა, მასპინძელი ლიტვა, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი თურქეთი და მუნდიალის მონაწილე ევროპელი ნაკრებები: საბერძნეთი, სერბეთი, ხორვატია, საფრანგეთი, სლოვენია და ესპანეთი. ამათ ორიოდ კვირის წინ რუსეთი და გერმანია დაემატნენ, რომლებსაც შედეგებით არ ეკუთვნოდათ ევროპის ჩემპიონატის საგზური, მაგრამ როგორც გამორჩეული და სახელგანთქმული მოთამაშეების მყოლი ნაკრებები, ფიბა–ევროპამ ისინი ლიტვაში „ველური ბარათებით“ დაუშვა.
 
როგორც ხედავთ, ევროპის ჩემპიონატის 10 საგზური დაკავებულია და დარჩენილი 6 ადგილისთვის უნდა იბრძოლოს სწორედ A დივიზიონის 15–მა გუნდმა. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ A დივიზიონის 5 საუკეთესო გუნდი (3 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი) ამავე აგვისტოში მოიპოვებს ევროჩემპიონატის საგზურს. დარჩენილი 10 გუნდი 2 ნაწილად გაიყოფა, საიდანაც 6 მოწინავე ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ ერთ საგზურს 2011 წლის აგვისტოში გაითამაშებს, ხოლო 4 აუტსაიდერი იმავე პერიოდში A დივიზიონში დასარჩენი 2 ადგილისთვის შეერკინება.
 
ფიბა–ევროპამ უკვე დაადგინა ამა წლის აგვისტოს ის რიცხვები, როცა A დივიზიონის თამაშები გაიმართება: 2, 5, 8, 11, 14, 17, 20, 22, 26 და 29. ამ თარიღების გათვალისწინებით შედგება კალენდარი 16 იანვრის კენჭისყრის შემდეგ.
 
A დივიზიონის კლასიფიკაცია/განთესვის კალათები – ევრობასკეტ 2009–ის მიხედვით