ფიბა-ევროპის ოფიციალური განცხადება

დღეს ფიბა-ევროპამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ეხება. კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ცნობილი მოვლენების გამო, ევროპული კალათბურთის  ხელმძღვანელობამ თბილისში ჩასატარებელი ევროსაკვალიფიკაციო მატჩები მეტოქე ქვეყნებში გადაიტანა. ქვემოთ ამ განცხადების ზუსტ თარგმანს გთავაზობთ
საქართველოში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური მოვლენების გამო, ფიბა-ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაიტანოს ამ ქვეყანაში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროსაკვალიფიკაციო შეხვედრებს წლეულს შინ არ უმასპინძლებს.

ფიბა-ევროპის გენ-მდივანი ნარ ზანოლინი
ის მატჩები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს მომავალ წელს ლუქსემბურგში და სლოვაკეთში უნდა ეთამაშა, 2009 წელს საქართველოში გაიმართება, ხოლო მათი ჩატარების ზუსტი თარიღები მოგვიანებით დადგინდება. რაც შეეხება, ამა წლის 5 სექტემბერს ლუქსემბურგთან თბილისში ჩასატარებელ მატჩს, ის ლუქსემბურგში 6 სექტემბერს გაიმართება. 13 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს თბილისში სლოვაკეთთანაც უნდა ეთამაშა, თუმცა ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით, ეს შეხვედრა, ამავე დღეს, სლოვაკეთში გაიმართება.
“როცა პოლიტიკური ვითარება არასტაბილურია, ჩვენ რისკზე ვერ წავალთ. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უშუალოდ ლუქსემბურგისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან შეთანხმებისა და მათი ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე” – განაცხადა ფიბა-ევროპის გენერალურმა მდივანმა ნარ ზანოლინმა
ეს გადაწყვეტილება ასევე შეთანხმებულია დანარჩენ მსხვილ საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან. აღსანიშნავია, რომ უეფა-ც და ფიფა-ც არ ატარებენ საქართველოში საერთაშორისო მატჩებს, სანამ ამ ქვეყანაში მშვიდობა არ დამყარდება.