ფიბა-მ რუსეთს დანაპირები შეუსრულა: რუსეთი – თურქეთი 0:20

ფიბა-მ რუსეთს დანაპირები შეუსრულა: რუსეთი – თურქეთი 0:20

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ინფორმაციით რუსული ნაკრებები და მსაჯ-კომისრები საერთაშორისო ტურნირებიდან 8-9 აგვისტომდე არ მოიკვეთებოდნენ, ფიბა-მ სადამსჯელო სანქციები აამოქმედა. იმ განუკითხაობისა და არაცენტრალიზებული მმართველობის გამო, რაც რუსულ კალათბურთში სუფევს, ფიბა-მ რუსეთის დისკვალიფიკაციის შესახებ განცხადება 1 კვირის წინ გააკეთა.
დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი 16-წლამდელთა შორის და რუსეთის ნაკრები, რომელსაც ტურნირში უნდა ეასპარეზა, ლიტვაში არ ჩასულა, ხოლო კალენდრით გათვალისწინებულ პირველ შეხვედრაში თურქეთთან 0:20 წაგება ჩაეთვალა. ასე იქნება ყველა მომდევნო შეხვედრაში, რადგან რუსეთის ნაკრები ფიბა-ს მიერ ორგანიზებული ტურნირებიდან მოკვეთილია.

ლიტვაში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ვერ იმუშავებენ ვერც რუსი მსაჯ-კომისრები. რუსეთის ფედერაციის ნაკრებებსა და ნებისმიერ საკალათბურთო მოხელეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წითელი შუქი აქვთ ანთებული.
მიიღებს თუ არა მონაწილეობას რუსეთის ეროვნული ნაკრები კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატზე, ჯერ-ჯერობით უცნობია. ფაქტია, რომ თუკი ფიბა-ს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს იზოლაციაში ყოფნა მოუწევს. მოთხოვნა ერთმნიშვნელოვანია – გაიმართოს არჩევნები, რომელიც გამოავლენს პრეზიდენტს, ვისაც რუსეთის საკალათბურთო საზოგადოების ნდობის მანდატი ექნება.