ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო

ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო

რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა გრძელდება. მეამე წელია, აღნიშნულ პროგრამას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, კერძოდ კი მისი რეგიონული განვითარების დეპარტამენტი ფიბა-სთან თანამშრომლობით ახორციელებს და ის ქვეყნის მასშტაბით რეგიონების საკალათბურთო ინვენტარით მომარაგებას გულისხმობს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ შალვა ონიანთან და მის თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა რეგიონებში დადიან და საკალათბურთო სკოლებისთვის სხვადასხვა სახის ინვენტარი – სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები, სამწვრთნელო საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა სახის ატრიბუტიკა ჩააქვთ.

აღნიშნული ინვენტარით მომარაგების შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან (Youth development Fund) შეთანხმებით ტაბლოები შეიძინა, რომლებსაც საჩუქრად გადასცემს ყველა იმ დარბაზს, სადაც საკალათბურთო წრეები ფუნქციონირებენ. აქამდეც არაერთი რეგიონის დარბაზი მომარაგდა თანამედროვე, სტანდარტული საკალათბურთო ფარებით, ამჯერად კი კიდევ 4 ქალაქს შეემატა აღნიშნული ინვენტარი. ფედერაციის წარმომადგენლები ქუთაისს, ხარაგაულს, წყალტუბოს და ზუგდიდს ესტუმრნენ, სადაც საჩუქრად თანამედროვე ტაბლოები ჩაიტანეს. ქუთაისში ტაბლო არ გააჩნდა ახალგახსნილ საკალათბურთო სკოლა Level Up-ს და ეს პრობლემა დღეს უკვე გადაჭრილია. რაც შეეხება ხარაგაულს, წყალტუბოს და ზუგდიდს, ამ ქალაქებში აქტიური საკალათბურთო ვარჯიშების მიუხედავად, დარბაზებს არ გააჩნდათ ტაბლოები, რაც ოფიციალური თამაშებისა და ტურნირების ჩატარებას გამორიცხავდა. ამიერიდან აღნიშნულ ქალაქებსა და დარბაზებს საშუალება ექნებათ, ყველა სტანდარტის დაცვით უმასპინძლონ საკალათბურთო მატჩებს, რაც სპორის ამ სახეობის განვითარებისთვის აუცილებელი და საუკეთესო საშუალებაა. 

რეგიონული განვითარების დეპარტამენტი აგრძელებს საქმიანობას და ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებს ყველა საჭირო საკალათბურთო ინვენტარით დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ გასული 3 წლის მანძილზე საქართველოს ყველა საკალათბურთო სკოლამ მიიღო ფიბა-ს პროგრამით გათვალისწინებული ინვენტარი და კარგა ხანია, არსებულის შევსება და ახალი, მოდერნიზებული ინვენტარით მომარაგება მიმდინარეობს.

წყალტუბოს დარბაზს თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო გადაეცა

 

ხარაგაულის დარბაზს თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო გადაეცა

 

ზუგდიდის დარბაზს თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო გადაეცა

 

ქუთაისის Level Up-ის დარბაზს თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო გადაეცა