ფიბას აღმასრულებელი დირექტორი კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად სეოკ-ს ესტუმრა

ფიბას აღმასრულებელი დირექტორი კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად სეოკ-ს ესტუმრა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უმასპინძლა ჩვენს ქვეყანაში სტუმრად მყოფ საერთაშორისო კალათბურთის მაღალჩინოსანს, ფიბა-ს აღმასრულებელ დირექტორს კამილ ნოვაკს. სტუმარს ახლდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი.

შეხვედრაზე სტუმარ-მასპინძლებმა ისაუბრეს საქართველოში კალათბურთის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისთვის გადასადგმელე ნაბიჯებზე, ქართული კალათბურთის ოლიმპიურ პერსპექტივაზე. სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა ჩვენი ეროვნული გუნდის ბოლო წლების წარმატებულ გამოსვლას ევროპის ჩემპიონატებზე, ისაუბრა ფიბა-ს იმ პროექტებზე, რომლებიც ემსახურება ცალკეულ ქვეყნებში კალათბურთის განვითარებას. თავის მხრივ ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ კალათბურთი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათამაშო სახეობაა და იმედი გამოთქვა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენი ნაკრები შეძლებს სალიცენზიო ბარიერის დაძლევას და ოლიმპიური თამაშების ფინალურ ეტაპზე გასვლას.

ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური
geonoc.org.ge