დღეს სპორტის სასახლეში ერთმანეთის მიყოლებით ფინალისტები გამოვლინდნენ. აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა და მოქმედმა ჩემპიონმა „ენერჯი–ინვესტმა“ ნახევარფინალის მეოთხე მატჩები მოიგეს და ჩემპიონობას ერთმანეთში გაარკვევენ.
ორივე ნახევარფინალური სერია ერთნაირი ანგარიშით – 3:1 დასრულდა. ფინალში გასასვლელი მატჩის მოგება სსაუ–ს საკმაოდ გაუჭირდა, რასაც ვერ ვიტყვით მოქმედ ჩემპიონ „ენერჯი–ინვესტზე“. რუსთაველებმა ისე იოლად დაამარცხეს „ავიატორები“, რომ ჯაფა არც დასდგომიათ.დავით უსტიაშვილის გუნდმა „ავიამშენი“ თავიდანვე ჩამოიტოვა. მესამე წუთისთვის რუსთაველები უკვე 13:0 იგებდნენ. სტუმრებს ყველაფერი გამოსდიოდათ – შორი სროლები, სწრაფი შეტევები, ფარქვეშ თამაში. „ავიატორებს“ კი პირიქით, არც ერთ ფრონტზე არ უმართლებდათ და რუსთაველოები ლიდერობას თანდათან იმტკიცებდნენ.პირველი ათწუთეული რუსთაველებმა 8 ქულით მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უკვე 20–ით ლიდერობდნენ. მესამე მეოთხედში ყველაფერი გაირკვა – რუსთაველთა უპირატესობამ 30 ქულას მიაღწია და ლევან მოსეშვილის გუნდის ბედიც გაირკვა. „ენერჯი–ინვესტმა“ ბოლო ათწუთეულს აზრი დაუკარგა, რადგან 77:44 იგებდა და „ავიამშენი“ რომ ამხელა ჩამორჩენას ვეღარ გააბათილებდა, ცხადი იყო.აი, მეორე ნახევარფინალში კი ნამდვილი ბრძოლა ვიხილეთ. ისედაც კაცნაკლული შემადგენლობის მყოლი თსუ დისკვალიფიცირებული შალვა კოხრეიძის გარეშე თამაშობდა – ანუ სასტარტო ხუთეულს ღირსეული შემცვლელი არ ჰყავდა, თუმცა ნუგზარ ჭეიშვილის გუნდს მაინც არაფერი უჭირდა და მისი გამოცდილი მოთამაშეების წყალობით კარგა ხანს იგებდა კიდეც. თუმცა ბოლო მეოთხედში დაიღალნენ მანამდე ჩინებულად მოთამაშე ლუკა შანიძე, შიო ხეცურიანი, გულივერ ახალკაცი და აგრარელებმა ანგარიში გაათანაბრეს. ბოლო მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, თუმცა საფინალო სირენამდე 5 წუტით ადრე მიხეილ კობეშავიძის სსაუ–მ 8–ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მოგებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. თსუ–მ ერთხელაც გაიბრძოლა და გიორგი გაფრინდაქშვილის შედეგიანი გარღვევების შედეგად ანგარიში გაათანაბრა – 80:80 დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე. გადამწყვეტ წუთებში კარგად გაისარჯა რევაზ ათანელიშვილი, რომელმაც მნიშვნელოვანი მოხსნები გაახერხა მეტოქის ფარზე, როლო ბექა წივწივაძისა და გიორგი მარხვაშვილის ქულებმა სსაუ 87:81 დააწინაურეს.თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო, თუმცა შანიძის სამქულიანისა და ხეცურიანის გარღვევის შემდეგ სირენამდე 30 წამით ადრე თსუ 86:87 მიუახლოვდა სსაუ–ს. მომდევნო მომდევნო შეტევაში მარხვაშვილმა ორივე საჯარიმო ააცილა, თუმცა თავადვე მოხსნა და წივწივაძე აჟმოჩნდა საჯარიმოს ხაზზე, რომელმაც 1 ჩააგდო და ანგარიში 88:86 გახდა.თსუ–ს თავის გადასარჩენად 17 წამი ჰქონდა, მაგრამ ფარქვეშ შეჭრილმა გიორგი გაფრინდაშვილმა სროლა გააცუდა და როცა ათანელიშვილმა ორივე საჯარიმო ჩააგდო, თსუ–ს წაგებაც გარდაუვალი გახდა. მაშ ასე, ფინალისტები ცნობილია – „ენერჯი–ინვესტი“ და „ავიამშენი“ საჩემპიონო სერიას, რომელიც სამ მოგებამდე გაგრძელდება, 13 მაისს რუსთავში დაიწყება