ფინალისტი “დინამო” ტურნირში რიხით ჩაერთო

ფინალისტი “დინამო” ტურნირში რიხით ჩაერთო

დღეს აგრარულმა უნივერსიტეტმა საინტერესო
მატჩებს უმასპინძლა, თუმც ერთი მათგანი ვერ გამოდგა თვალსასეირო. გასული სეზონის
ფინალისტმა, თბილისის „დინამომ“ „მართვე–3“–ს 106:29 მოუგო.

ამ მატჩში მოხდა ინციდენტი, რომლის
შემდეგაც მოედანზე 5 დინამოელი და 4 მართველი დარჩა. მესამე მეოთხედის დასაწყისში
დინამოელ ალეკო ოკრიბელაშვილსა და მართველ ლაშა ურიადმყოფელს შორის ჩხუბი მოხდა,
რომელშიც ორივე გუნდის წევრები ჩაერთვნენ. მსაჯებმა თამაშიდან უკლებლივ ყველა
მოთამაშე გააძევეს, ვინც კი ჩხუბში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო – თავისთავად,
ჩხუბის მოთავე ოკრიბელაშვილ–ურიადმყოფელთან ერთად. მოედანზე დარჩა 9 მოთამაშე – 4
მართველი და 5 დინამოელი. დინამოს 5 კალათბურთელი იმიტომ დარჩა, რომ დავით
თოთლაძის გუნდიდან კოტე აფაქიძე სწორედ ჩხუბის დაწყების წინ შედიოდა მოედანზე,
მაგრამ ჩხუბი რომ დაიწყო, დაკა–დაკაში მონაწილეობა არ მიუღია. ხუთი ოთხზე  თამაშში კი დინამომ შანსი არ დაუტოვა ნიკო
დემეტრაშვილის გუნდს.

ერთ რამეში „მართვე–3“ პროგრესირებს. ამ
გუნდმა სეზონის პირველ მატჩში 49–ჯერ დაკარგა ბურთი, მომდევნოში – 47–ჯერ, ხოლო
დღეს, „დინამოს“ წინააღმდეგ, მხოლოდ 31-ჯერ დაკარგა ბურთი. თუმცა ამით დიდად არ
უსარგებლიათ მართველებს, რადგან ისინი მეტოქის ფარს ძალიან უზუსტოდ უტევდნენ.
დემეტრაშვილის გუნდმა 49 ორქულიანიდან მხოლოდ 13 ჩააგდო, ხოლო 8 სამქულიანი ცდიდან
ერთიც ვერ გაარტყა მიზანში. დავით თორთლაძის „დინამო“ კი პირიქით, შესაშური
სიზუსტით ესროდა: 62–დან 42 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 15–დან – 5 სამიანი.
შესაბამისად, ყველაფერი ეს ანგარიშში აისახა და დინამოელებმა ტურნირის სადებიუტო
მატჩში შთამბეჭდავი გამარჯვებაც მოიპოვეს.

 

სეზონის პირველსავე მატჩში გაიმარჯვა
ხათუნა გაბედავას „მართვე–1“–მა, რომელმაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ჰიუნდაი“
დაამარცხა. გაბედავას ეს გუნდი გასულ სეზონში 16–წლამდელთა ჩემპიონატში
მონაწილეობდა და ფინალშიც გავიდა. როგორც ჩანს, მართველები ახლაც მაღალი
მიზნებისთვის იბრძოლებენ.

 

გაბედავას გუნდმა პირველი მეოთხედი 19:22
წააგო, თუმცა მცირე შესვენების შემდეგ მართველებმა ძალები მოიკრიბეს და ყველა
მომდევნო ათწუთეული პირწმინდად მოიგეს, რაშიც ლომის წვლილი მიუძღვის 32 ქულის
მიმთვლელ გუგა აბდუშელიშვილს. არანაკლებ ყოჩაღად ითამაშეს გიორგი გაბისონიამ (25
ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი) და გეგა მესხმა (14 ქულა, 14 პასი).

 

დღის მესამე მატჩში ლიკა ქაჯაიას
„სოხუმმა“  ნიაზ დანელიას „სალხინოს“
მოუგო. შეხვედრა თავიდანვე დაძაბულად და თანაბრად დაიწყო, ხან ერთი გუნდი
მოიპოვებდა უპირატესობას, ხანაც – მეორე. თუმცა რაც დრო გადიოდა, სოხუმელთა
უპირატესობა ნელ–ნელა იკვეთებოდა და ისე მოატანა ბოლო წუთებმა, რომ „სალხინოს“
მატჩის მოგების შანსი არ მისცემია.

 

სოხუმელებს ულიდერა უკანახაზელმა გიორგი
ამირხანაშვილმა, რომელმაც 30 ქულას მოუყარა თავი. სოხუმელთათვის ეს გახლდათ მეორე
გამარჯვება მესამე მატჩში და ისინი ჯერჯერობით მეორე ჯგუფში პირველ ადგილზე არიან.