„ენერჯი–ინვესტი“ პირველი გუნდია, რომელმაც ნახევარფინალის საგზური
მოიპოვა. რუსთაველებმა დღეს თბილისის სპორტის სასახლეში სერიის მეორე
მატჩიც მოუგეს „სამედიცინო–აკადემიას“ და ნახევარფინალში გავიდნენ.
პირველი მატჩი ქვემოქართლელებმა14 აპრილს რუსთავში 103:56 მოიგეს და
სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. მოქმედი ჩემპიონი საპასუხო შეხვედრაშიც ფავორიტად
ითვლებოდა და ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა. მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა საბოლოოდ
დიდი სხვაობით იმარჯვა, თუმც პირველი მატჩის დარად, თავიდან ცოტა გაუჭირდა. ახალგაზრდები შემართებით თამაშობდნენ და სანამ
რუსთაველები თამაშს დაალაგებდნენ, მედიკოს–აკადემიელები 5–6 ქულით დაწინაურდნენ.
რუსთაველები ერთის მხრივ ძალებს ზოგავდნენ – ლიდერებს ნაკლებად
ტვირთავდნენ.
მეორე მეოთხედიდან რუსთაველებმა ლიდერობა მოიპოვეს და საბოლოოდ
გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ. ქვემოქართლელებმა ყველაზე პირველებმა მოიპოვეს
ნახევარფინალის საგზური და მომდევნო მეტოქეზე გაცილებით მეტი დრო ექნებათ
მოსამზადებლად. „ენერჯი–ინვესტს“ ნახევარფინალში „ბათუმი“ – შსს–ში გამარჯვებული
შეხვდება, ამ წყვილში კი მესამე მატჩი დაინიშნა, რომელიც 20 აპრილს ბათუმში
გაიმართება.
დღესვე გაიმართა „სოხუმი“ – თსუ–ს მეოთხედფინალური სერიის პირველი
მატჩი, რომელიც ფავორიტად მიჩნეული სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებით
დასრულდა. სტუდენტებმა გუნდურად ითამაშეს – მათგან ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა
გადააბიჯა ათქულიან ზღვარს. სოხუმელთაგან კი გამოცდილი ბუბა ბერიშვილი და 17 წლის
გიორგი ტეტელაშვილი გამოირჩნენ. პირველმა 18 ქულა, მეორემ კი – 17 დააგროვა.
ხვალ, 17 აპრილს, სპორტის სასახლეში მეოთხედფინალური სერიის 2 საპასუხო
მატჩი გაიმართება: სსაუ „დინამოს“ შეხვდება, ხოლო თსუ – „სოხუმს“.
მეოთხედფინალების ფოტოგალერეა